კადიროვის მიერ გაკრიტიკებული გენერალი რუსეთის სახმელეთო ჯარებს უხელმძღვანელებს
გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრე ლაპინი რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა.
ამის შესახებ РБК რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით წერს.
2022 წლის ოქტომბრამდე ლაპინი უკრაინის ომში ჯარების ჯგუფს “ცენტრს” მეთაურობდა, თუმცა ოქტომბერს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მანამდე ცოტა ხნით ადრე, მას ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი და “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აკრიტიკებდნენ.
ისინი აცხადებდნენ, რომ გენერალ-პოლკოვნიკი პირადად იყო პასუხისმგებელი ლიმანის დაკარგვაზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევაზე დონეცკის რეგიონში – ტერნის, ტორსკის და იამპოლოვკას მიდამოებში.
გარდა ამისა, კადიროვის თქმით, ლაპინი, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი ლისიჩანსკის დაპყრობისთვის მიიღო, რეალურად ლისიჩანსკში არც იმყოფებოდა.
„საწყენია არის არა ის, რომ ლაპინი უნიჭოა, არამედ ის, რომ მას გენერალური შტაბის ლიდერები, ზემოდან, აფარებენ ხელს. ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს რიგითამდე ჩამოვაქვეითებდი, ჩამოვართმევდი ჯილდოებს და ავტომატით ხელში გავუშვებდი ფრონტის ხაზზე სირცხვილი სისხლით ჩამორეცხვისთვის“, – თქვა მაშინ კადიროვმა.