გიორგი ცაგარეიშვილი – კასიანოვის განცხადებაზე: ეს ხელს არ უწყობს მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს

“ნებისმიერი ამგვარი განცხადება არის პროვოკაციული ხასიათის და ეს ხელს არ უწყობს მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ არამეგობრულ ნაბიჯებს დასასრული არ აქვს.

„ჩვენ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების გენერატორები გავგზავნეთ უკრაინაში. ეს გენერატორები გადანაწილდება იმ ქალაქებში, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლნი არიან პუტინისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან. გრძელდება პროვოკაციები და არამეგობრული ნაბიჯები. როგორც ჩანს, ამას დასასრული არ აქვს, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოზიცია, ვიდრე უკრაინა ომის ქარცეცხლში იქნება გახვეული, ჩვენ ამაზე მეტ მკაცრ განცხადებებს შეგნებულად არ გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი პირდაპირ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის პორტის გავლით შემოვიდა საქართველოში ხელისუფლების დასამხობად. ნაცვლად იმისა, რომ ახსნან კოლეგებმა, რა უნდოდა და რატომ შემოვიდა სააკაშვილი, რა გზით, რა ხერხებით, არის მუდმივი ქილიკი, ლანძღვა, მუქარა, რაც ჩვენ არ დაგვიმსახურებია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. გარდა ამისა, უკრაინამ ითხოვა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ები. მისივე თქმით, ამ კომპლექსებთან დაკავშირებით არსებობდა არამხოლოდ აშშ-ს თანხმობა, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები