ვახტანგ კაპანაძე: რუსები ისევ საბჭოთა სისტემას უბრუნდებიან, რომელიც მასობრივ არმიებზეა მორგებული
“რა შეიძლება 2023 წელს შეიცვალოს, ამაზე პასუხის გაცემა გაზაფხულზე უფრო გამიმარტივდება. ფრონტის ხაზზე გარდატეხა უნდა მოხდეს. იმედია, უკრაინის სასიკეთოდ. ჯერჯერობით, მსგავსი ნიშნები არ ჩანს, უკრაინამ ერთგვარი პაუზა აიღო და იმედია, ეს იმ დარტყმითი დაჯგუფების შექმნით არის განპირობებული, რომელმაც მძლავრი კონტრშეტევა ოპერატიულ დონეზე უნდა წამოიწყოს”,- ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ფაქტია, რუსეთი მიხვდა, რომ თავისი არმიის მომზადების დონითა და მენტალიტეტით, სამხედრო-ტექნიკური შესაძლებლობებით, ამერიკულ-დასავლურ, ნატოს სტანდარტებთან ომი ვერ შეძლეს.
“მიმდინარე შეტევები მხოლოდ ლოკალურ და ეფექტურ დონეზეა გათვლილი. ახალი კონტრშეტევა უფრო ძლიერი რომ იქნება, ისიც ამტკიცებს, რომ ამერიკელებმა 50 საბრძოლო მანქანა Bradley-ს გადაცემაზე დაიწყეს საუბარი. ლაპარაკია იმაზეც, რომ განხილვის შემდეგ გერმანიაში დადებითად გადაწყდა ქვეითთა საბრძოლო Marder-ის გადაცემის საკითხი. საფრანგეთიც მიაწვდის უკრაინას AMX-10RC-ს, რომელიც უფრო 105 მმ-იანი ქვემეხით აღჭურვილი მსუბუქი ტანკია, ვიდრე ქვეითთა საბრძოლო მანქანა. ის განკუთვნილია ჯავშანსადაზვერვო ამოცანების გადაწყვეტისთვის. ყოველივე ეს იმის ნიშანია, რომ დასავლეთში უკრაინასთან ერთად დარტყმითი-შეტევით ნაბიჯებზეც ლაპარაკობენ. ყველა ის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ბოლო ხანს უკრაინა იღებს, დარტყმითი-შეტევითი საშუალებაა, რომელიც სატანკო დანაყოფებს უნდა გაჰყვეს შეტევაზე. უკვე ცნობილია, რომ გერმანელები “ლეოპარდის” ტანკების გადაცემასაც განიხილავენ. არადა, ადრე თავი შეიკავეს, შემდეგ კი ფინეთის პარლამენტში საინიციატივო ჯგუფმა განაცხადა, პატარა ქვეყნებმა უკრაინას თითო “ლეოპარდი” გადავცეთ, რათა გერმანიაში ამ გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდეთო. ეს მიმტკიცებს მოსაზრებას, რომ უკრაინელები სპეციალური დაჯგუფების შექმნას შეეცდებიან, თუ უკვე არ მუშაობენ ამაზე. უკრაინული დანაყოფები მომზადებას გადიან ამერიკაში, ბრიტანეთსა და პოლონეთში, ასევე, თავად უკრაინაშიც, რაც დიდი შეტევის დაწყებაზე მიანიშნებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მომზადების შედეგი გაზაფხულზე გამოჩნდება. ახლანდელი მონაცემებით კი ოპერატიული ინიციატივა რუსეთს აქვს, წარმატებული არის თუ არა, დონბასის მიმართულებას მაინც უტევენ. უკრაინელებს აქვთ მცირე წინსვლა კრემენნაიას მიმართულებით. ასე რომ, სტრატეგიული ინიციატივა მაინც უკრაინელების ხელშია.
ცოტა უცნაურია ბახმუტის გარშემო მიმდინარე პროცესები. მის გარშემო უკრაინელების ძალების ასეთი კონცენტრირება, ალბათ, იმას ემსახურება, რომ მოწინააღმდეგეს ძალა დაახარჯვინონ და გამოფიტონ, თორემ სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ბახმუტი რუსებისთვის პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობის არის. ასევეა უკრაინისთვის, თორემ არც ერთი მხარისთვის მას სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება არა აქვს. სტრატეგიული დანიშნულება იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ რუსეთი იქიდან სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებაზე გააგრძელებდა შეტევას, მაგრამ ამის პოტენციალი არა აქვს. ამიტომ ახლა, ალბათ, მხოლოდ იდეფიქსი გახდა, საკრალური მნიშვნელობა შეიძინა – ახალი მითის შექმნა სურთ, პრიგოჟინის “ვაგნერმა” ბახმუტი აიღოო. კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც ამერიკა ახმოვანებს ასეთია – რუსეთის პრეზიდენტის თანამოაზრესა და “ვაგნერის” დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს, მარილისა და თაბაშირის მაღაროების ხელში ჩაგდება სურს. ცნობილია, რომ რუსი დაქირავებულები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში, ბუნებრივი რესურსებით იყვნენ დაინტერესებული. რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების პერიოდულ შეტევებს უფრო მასირებული, ხშირი და მძლავრი სახე უნდა ჰქონდეს. ამის შემდეგ რუს მოსახლეობას ნამდვილად გაუჩნდება დაუცველობის განცდა. მაინც კარგია, რომ ეს დაიწყო, რადგან რუსები შეეცდებიან თავიანთი სამხედრო ძალები ინფრასტრუქტურის დასაცავად გამოყონ. ამით მოსახლეობასაც არ ექნება თავისი არმიის უძლეველობის განცდა. უკრაინის პასუხი, რუსეთის მასშტაბებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია, მაგრამ დასაწყისისთვის კარგია. იმედია, თანდათან უფრო ადეკვატური გახდება… მობილიზაცია არის ის ერთადერთი, რაშიც რუსეთს უპირატესობა აქვს, რაოდენობრივ განსხვავებას ვგულისხმობ. შოიგუმ პუტინს რეფორმების კიდევ ერთი პროექტი წარუდგინა, რაც 2008 წლის შემდეგ უკვე მესამეა. უნდათ თუ არა, მობილიზაცია უნდა გამოაცხადონ, რადგან ახალი გეგმით რუსეთის შეიარაღებული ძალები 1,5 მილიონი უნდა გახდეს. ეს კი ნიშნავს, რომ მეორე კი არა, მესამე მობილიზაცია დასჭირდებათ, რომ ამ რაოდენობას მიაღწიონ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთი ნაბიჯებით, ფაქტობრივად, საბჭოთა სისტემას უბრუნდებიან.
წლების წინ შოიგუს კონტრრეფორმის შემდეგ საბჭოთა პრინციპებს დაუახლოვდნენ, ახლა კი თითქმის სრულად დაუბრუნდნენ – ამ სისტემაზე გადადიან. ეს გულისხმობს თუნდაც ორი სამხედრო ოლქის, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ოლქების აღდგენას. იგეგმება საარმიო კორპუსის ჩამოყალიბება კარელიაშიც, რაც ფინეთის ნატოში გაწევრების გადაწყვეტილების გამოძახილია. პასუხად, რუსეთი თავის საარმიო კორპუსს ფინეთის საზღვარზე განათავსებს. აპირებენ ასევე ბრიგადების დივიზიებად გარდაქმნას, ყალიბდება ორი დამატებითი სადესანტო-საიერიშო დივიზია, საზღვაო ქვეითების ხუთი ბრიგადა ამდენივე დივიზიად გადაკეთდება და ასე შემდეგ… საინტერესოა, რომ სამხედრო გაწვევის ასაკი იცვლება – წვევამდელთა ასაკი 18-ის ნაცვლად, 21-დან 30-მდე გახდება – ანუ ვითომ პატარა ბიჭებს არ წაიყვანენ. ისეთ წინა პირობებს ქმნიან, რომ მობილიზაციას აუცილებლად გამოაცხადებენ, თუმცა სხვა საკითხია, კიდევ რის გაკეთებას შეძლებენ. რეფორმებისთვის მხოლოდ მობილიზაცია არ არის საკმარისი, სჭირდებათ ოფიცრებიც, საწვრთნელი ბაზები… ფაქტია, რუსეთი მიხვდა, რომ თავისი არმიის მომზადების დონითა და მენტალიტეტით, სამხედრო-ტექნიკური შესაძლებლობებით, ამერიკულ-დასავლურ, ნატოს სტანდარტებთან ომი ვერ შეძლეს.
ამიტომაც ისევ საბჭოთა სისტემას უბრუნდებიან, რომელიც მასობრივ არმიებზეა მორგებული. მაგრამ ეტყობა, ის გამორჩათ, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი აღარ არის. რაც შეეხება იმას, მობილიზაცია შეცვლის თუ არა ფრონტის ხაზზე მდგომარეობას, გააჩნია, რამდენად შედეგიანი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ დაასწროს ომში გარდატეხის შეტანა. პარალელურად, რუსეთი, რომელიც ომში ბელარუსის მასშტაბური მონაწილეობისგან თავს იკავებდა, ვფიქრობ, ამჯერად ამ რესურსსაც გამოიყენებს… არა მგონია, რუსებს კიევზე შეტევა ჰქონდეთ დაგეგმილი. ამის მიზანი უკრაინელების ძალისხმევის შუაზე გაყოფა იქნება. კიევის რეგიონი ძლიერადაა მომზადებული. კიევის გარშემო რამდენიმე ხაზია. დაახლოებით 1000 კილომეტრზე შეიქმნა ძლიერი თავდაცვითი სისტემა, რომელიც ეფუძნება საფორტიფიკაციო პოზიციებს, გრძელვადიან თავდაცვით სტრუქტურებს და მისი გავლა ადვილი არ იქნება. რუსებზე ვერასდროს იტყვი, ამას არასდროს გააკეთებენო, თუმცა იმ მარცხის შემდეგ კიევზე ხელახალი შეტევა გამორიცხული მგონია. რუსებს აღარ აქვთ ზუსტი დამიზნების შეიარაღება, თუმცა აქვთ დიდი რაოდენობით არაზუსტი დამიზნების საშუალებები, რაც საარტილერიო დარტყმებისთვის მნიშვნელოვანია. კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ არიან, თუმცა საწყობებში აქვთ საბჭოთა დროინდელი იარაღიც, რომლის გამოყენებასაც გააგრძელებენ. არც გამოვრიცხავ, რომ ირანული დრონების წარმოება რუსეთში დაიწყონ, ან სულაც ირანში იყიდონ ბალისტიკური რაკეტები. დრონები შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისგანაც შეიძინონ. ამიტომაც უკრაინისთვის მოკავშირეების დროული დახმარება აუცილებელია. დასავლეთში გადაწყდა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ რუსეთი როგორ უნდა დამარცხდეს, ჯერაც ვერ შეთანხმდნენ. პროცესი შეიარაღებისა და დახმარების ულუფებად მიწოდების გამოც გაჭიანურდა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ რამდენიმე დასავლურმა გამოცემამ 2023 წელს ნატოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულ კონფლიქტზე იმსჯელა…- რუსეთი ალიანსთან საბრძოლველად მზად არ არის. ეს თავადაც კარგად იციან. ვფიქრობ, ამერიკის პოზიცია, ომი რეგიონულიდან უფრო ფართომასშტაბიანში არ გადაიზარდოს, ნათელია. ამით აიხსნება მისი სიფრთხილე. ნატოს ასეთი ჩართულობაც ამაზე მიანიშნებს. მათ სურთ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზევე დამარცხდეს, ოღონდ ამის შემდეგ რა უნდა მოხდეს, ეს ქვეყანა როგორც სახელმწიფო ჩამოიშალოს თუ ერთი რუსეთის ნაცვლად 26 სახელმწიფო შეიქმნას, თავის საზღვრამდე დაახევინონ უკან თუ ხელისუფლება შეიცვალოს, ამაზე ჯერ ვერ შეთანხმებულან. ყველანაირ გამარჯვებას თავისი ფასი აქვს, მაგრამ დასავლეთში ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს დამარცხებაში”,- განაცხადა კაპანაძემ.