ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ასობით მხარდამჭერი ეროვნულ კონგრესში, უზენაესი სასამართლოს შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სახელმწიფო დაწესებულებების შტურმი, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
შენობების დარბევა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა. ბოლსონარუ და მისი ულტრამემარჯვენე პოლიტიკის მხარდამჭერები უარს ამბობენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ დემონსტრანტებმა “ვანდალიზმი და ფაშიზმი” ჩაიდინეს. მისი თქმით, ქვეყნის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.
„ნამდვილი ვანდალების მსგავსად, ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რაც ხვდებათ. ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოება სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი. და მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა, დაისჯება“, – თქვა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
და სილვას მხარდაჭერა ლათინური ამერიკის ქვეყნების მეთაურებმა გამოუცხადეს. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც მომხდარს “აღმაშფოთებელი” უწოდა.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე დე მორეესმა ბრაზილიის ფედერალური ოლქის გუბერნატორი, იბანეს როშო თანამდებობიდან გადააყენა.