დღეს საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს გადასცდება – სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დღეს საქართველოში, ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ტემპერატურა პიკს აღმოსავლეთ საქართველოში მიაღწევს, სადაც 40-41 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება. დღეს მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება თბილისშიც. სპეციალისტები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, მოერიდონ მზეს და დიდი ოდენობით სითხე მიიღონ. უნალექო და ცხელი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი კვლავ გაგრძელდება, თუმცა, 21 აგვისტოს კახეთში, წვიმა ნალექის სახით არის მოსალოდნელი.
“დასავლეთ საქართველოში, დღეს დღის ბოლოს შესაძლებელია გაწვიმდეს და ტემპერატურამ დაიკლოს და 30-35 გრადუსს გაუტოლდეს“, – აღნიშნა თამარ გულედანმა.
რაც შეეხება, შავი ზღვის სანაპირო ზოლს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, 19-20-21 აგვისტოს დროდადრო იწვიმებს, თუმცა, მაღალი ტემპერატურა მაინც შენარჩუნდება.
„დედაქალაქში, ცხელი ამინდები კვლავ გაგრძელდება, ნალექი წვიმის სახით მოსალოდნელი არ არის. დღეს თბილისში ტემპერატურა 39-40 გრადუსს მიაღწევს“, – განუცხადა “კვირას” თამარ გულედანმა.