თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მას და მის თანამშრომლებს კლინიკის ტერიტორიაზე შესასვლელი უფასო საშვები გაუუქმეს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მას და მის თანამშრომლებს კლინიკის ტერიტორიაზე შესასვლელი უფასო საშვები გაუუქმეს.
„გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ამასაც მოვესწარი, რომ ჩემს სამსახურში, ავადმყოფებთან მისასვლელად ხარკი უნდა გადავუხადო პაატა კურტანიძეს. იგივეს გაკეთება უწევთ ჩვენი ცენტრის სხვა თანამშრომლებსაც. საახალწლო ხუმრობა არ გეგონოთ, ნამდვილად ასეა. უფასო საშვები გაგვიუქმეს. საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამას იკადრებდა“, – წერს თენგიზ ცერცვაძე Facebook-ზე.