რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ კოშკთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ამასთან, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
“საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.