მზია შარაშენიძე: ვთხოვთ ზოოპარკის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს, ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, რადგან ეს დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის
პიროტექნიკის გამოყენება განსაკუთრებით საზიანოა ცხოველებისთვის. ისინი ერთნაირად სტრესულად აღიქვამენ ამ ხმაურს, მოულოდნელ აფეთქებებს, რამაც შეიძლება მაშინვე ან მოგვიანებით სხვადასხვა დაავადებაში იჩინოს თავი, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მზია შარაშენიძემ განაცხადა.
მან მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„პიროტექნიკის გამოყენება განსაკუთრებით საზიანოა ცხოველებისთვის. ისინი ერთნაირად სტრესულად აღიქვამენ ამ ხმაურს, მოულოდნელ აფეთქებებს, რამაც შეიძლება მაშინვე ან მოგვიანებით სხვადასხვა დაავადებაში იჩინოს თავი. აფეთქებების დროს ცხოველები იწყებენ ვოლიერში სირბილის. ამ დროს შეიძლება დაეჯახონ ბარიერს და დაიზიანონ სხეული, ან ერთმანეთი გადათელონ. წლების განმავლობაში ძალიან ცუდი გამოცდილება გვქონდა: შარშან დაიღუპა პატარა ანტილოპა გნუ, შარშან წინ – ორი ანტილოპა. ამიტომ გვინდა ვთხოვოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ზოოპარკის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს, რომ ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, რადგან ეს დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის“, – ამბობს მზია შარაშენიძე.