ბაიდენმა აშშ-ს ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2023 წლის 1,7 ტრილიონი დოლარის ოდენობის ქვეყნის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც 45 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, ბიუჯეტი მოიცავს ინვესტიციებს სამედიცინო კვლევებში; უსაფრთხოებაში; ვეტერანთა ჯანდაცვაში; ხელმისაწვდომ საცხოვრებელში; სტიქიური უბედურებების შემდგომ აღდგენაში; ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და უკრაინის კრიტიკულ დახმარებაში.
კანონის მიხედვით, დაახლოებით 45 მილიარდი დოლარი გამოიყოფა უკრაინისა და ნატოს ქვეყნების დასახმარებლად. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვდა.
შედეგად, კიევისთვის ფაქტობრივი სამხედრო დახმარების მოცულობა, თითქმის, გასული წლის დონეზე დარჩება.
აშშ-ის თავდაცვის ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, რაც წლევანდელთან შედარებით 10%-ით მეტია და 45 მილიარდი დოლარით აღემატება იმ თანხას, რაც ბაიდენმა მოითხოვა.
ამ თანხებიდან, თითქმის 140 მილიარდი დოლარი გამოიყოფა მოწინავე სამხედრო კვლევებისა და განვითარებისთვის.
სხვა საკითხებთან ერთად, ასევე იგეგმება 11 ახალი ხომალდის აგება და 19 მრავალფუნქციური დამრტყმელი გამანადგურებლის ბრძოლისუნარიანობის აღდგენა.
მანამდე, 1,7 ტრილიონი დოლარის წლიური ბიუჯეტი აშშ-ს კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა.