რუმინეთის საელჩომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პორტატიული კომპიუტერები გადასცა
საქართველოში რუმინეთის საელჩოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დღეს პორტატიული კომპიუტერები გადაეცა.
ცესკოს ინფორმაციით, კომპიუტერები, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სასაქონლო გრანტის სახით მიიღო რუმინეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რაზვან როტუნდუმ ცესკოს თავმჯდომარეს პირადად გადასცა.
გიორგი კალანდარიშვილმა ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საარჩევნო პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა რუმინეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში. მხარეებმა 2023 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და აღნიშნულ პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების შესახებაც ისაუბრეს. გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა მსგავსი მასშტაბის პილოტირების პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების როლზე.
„რუმინეთის საელჩოსა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რაც სხვადასხვა ტიპის აქტივობაში მათი მხარდაჭერით, მათ შორის საარჩევნო საკითხებზე პრაქტიკის გაზიარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში გამოიხატება. დღეს სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში მივიღეთ პორტატიული კომპიუტერები, რომლებიც ჩვენი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე მქონდა შესაძლებლობა ელჩისთვის პირადად მიმეწოდებინა ინფორმაცია გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ. ვისაუბრე აღნიშნულ პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებისა და მსგავსი ფართომასშტაბიანი პილოტირების პროცესში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების როლზე. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციისთვის“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საარჩევნო ადმინისტრაციას 10 ერთეული პორტატიული კომპიუტერი რუმინეთის საელჩოსა და რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (RoAID) ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა. დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ცესკოში გაიმართა ასევე ესწრებოდნენ რუმინეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელი სილვიე დამიანი და ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.