ამერიკელი ექსპერტი სააკაშვილის აშშ-ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს და აღნიშნულს დეზინტოქსიკაციის საჭიროებით ხსნის
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე საქალაქო სასამართლოში ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ გოლდსმიტი აძლევს ჩვენებას.
მან პროცესზე სააკაშვილის ამერიკაში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა.
“მიხეილ სააკაშვილს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის ისეთი დაწესებულება, რომელშიც შესაძლებელია სპეციალიზებული მკურნალობა მძიმე მეტალების ინტოქსიკაციის დროს, შესაბამისად, ის გადაყვანილი უნდა იქნას ამ კვალიფიკაციის სამედიცინო დაწესებულებაში, შეერთებულ შტატებში ჩვენ ასეთი დაწესებულება გვაქვს”, – თქვა გოლდსმიტმა.
აღსანიშნავია, რომ დევიდ გოლდსმიტის დასკვნებს ამერიკული სასამართლო არ ენდობა. ეს გასულ კვირას ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებიდან გამოიკვეთა. მოსამართლე უილიამ პოლეიმ გოლდსმიტს გულუბრყვილო უწოდა და აღნიშნა, რომ ექსპერტი ბრალდებულის ქალიშვილის მოსაზრებას თავის შეფასებაში გადაჭარბებულად ითვალისწინებს.