“ზელენსკის ილუზია აქვს, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთი ყირიმიდან, დონბასიდან, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან ჯარს გაიყვანს” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება მოლაპარაკებების უუნარობით არის ცნობილი. მისი თქმით, მთავრობაში მყოფი უმეტესობა “აშკარა რუსოფობია”.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა.

ლავროვი ამბობს, რომ “სპეცოპერაციის” დაწყებისთანავე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა.

“თუმცა, თებერვალში დაწყებულმა მოლაპარაკებების პროცესმა აჩვენა, რომ ზელენსკი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, დამოუკიდებელი არ არის. უკვე აპრილში, ანგლო-საქსების მითითებით, რომლებიც დაინტერესებული არიან საომარი მოქმედებების გაგრძელებით, მან სწრაფად შეწყვიტა მოლაპარაკებები და პოზიცია მკვეთრად გაამკაცრა.

ცხადია, კიევი არ არის მზად დიალოგისთვის. სხვადასხვა სახის იდეისა და „მშვიდობის ფორმულის“ წარდგენით, ზელენსკი ილუზიაშია, რომ დასავლეთის დახმარებით, შეძლებს ჩვენი ჯარების გაყვანას რუსეთის ტერიტორიიდან – დონბასიდან, ყირიმიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონიდან, რომ რუსეთი რეპარაციებს გადაიხდის, ასევე „საერთაშორისო ტრიბუნალში აღიარებითი ჩვენებით“ წარსდგება და სხვა.

რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში არავის ველაპარაკებით. ძნელი სათქმელია, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩნენ თუ არა ადეკვატური პოლიტიკოსები, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ განსხვავებული აზრის ჩახშობის ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას და რეპრესიებს განსხვავებული აზრის მიმართ. შეიძლება თუ არა მოგვიანებით, კიევში საღად მოაზროვნე პოლიტიკური ფიგურა გამოჩნდეს? დრო გვიჩვენებს”,- შეაჯამა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები