კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა წიგნი-ალბომი – „საქართველო, თანამედროვე ქანდაკება“

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული გიორგი ჯანბერიძის წიგნი-ალბომისა – „საქართველო, თანამედროვე ქანდაკება“ (წიგნის კონცეფციის ავტორი, შემდგენელი, დიზაინერი და რედაქტორია გიორგი ჯანბერიძე, ტექსტის ავტორი – დავით ანდრიაძე).
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„ახალი და უახლესი ქართული ქანდაკების ანთოლოგიური წიგნი-ალბომი მოიცავს XX და XXI საუკუნეების ქართული ქანდაკების გამოჩენილი ოსტატების რეტროსპექტულ რეპრეზენტაციას. ეს ყოველივე, გამთლიანებული სათაურით – „საქართველო, თანამედროვე ქანდაკება“ – გამიზნულია ქართული ქანდაკების, როგორც ეროვნული იდენტობის, წარმოსაჩენად. მასში ნაჩვენებია ქართული ქანდაკების ესთეტიკური, სტილური და არტისტული დისკურსების მონაცვლეობა და წარმოგვიდგენს ქართული ქანდაკების ნიშნურ ფიგურანტებსა (იაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, გოგი ოჩიაური) და იმ ოსტატებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ თანამედროვე ქართულ ქანდაკებას. ალბომში არის 65 გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის 300-ზე მეტი გამორჩეული სკულპტურის ფერადი და შავ-თეთრი ილუსტრაცია.
გამოცემის განსაკუთრებული სიახლეა სოლიდური დიაპაზონის წარმოჩენა კლასიკიდან, აკადემიზმის გავლით, მოდერნამდე, მით უფრო, რომ ბოლო ორ ათეულ წელზე მეტია, ქართულმა ქანდაკებამ შეიცვალა კულტურული და ნარატიული კოდები. ალბომში სათანადოდ აისახა იმ ხელოვანთა შემოქმედება, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბის ავტორებად ითვლებიან. მათი პლასტიკურ-სივრცული აზროვნება ქართულ ქანდაკებას უქმნის საერთაშორისო ავტორიტეტს. წიგნში მოცემულია ანალიზი და შეფასება მთელი საუკუნის განმავლობაში ქართული ქანდაკების განვითარების რთული და საინტერესო პროცესისა.
გიორგი ჯანბერიძის პროექტი ერთ-ერთი გამარჯვებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსისა – „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები