უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი არალეგიტიმურად მიიღო.
მისი თქმით, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ რუსეთის დელეგაციამ უშიშროების საბჭოში ამ ადგილის ოკუპირება მოახდინა და საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე თვალი დახუჭა.
„უკრაინა მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, განაახლონ გაეროს წესდების გამოყენება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ჩამოართვან რუსეთს ეს სტატუსი და გარიცხონ ის გაეროდან“, – განაცხადა კულებამ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა გაეროს წევრების თანაბარი უფლებების პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს და ორგანიზაციაში წევრობის მოპოვებისთვის იგივე საერთაშორისო სამართლებრივი გზა გაიაროს, რაც გათვალისწინებულია წევრობის მსურველ ყველა ქვეყანაზე.
„დღეს ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევისთვის. ეს ბრძოლა ადვილი არ იქნება. ამას დაუპირისპირდება არა მარტო რუსეთი, მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით სიცრუეს და გაყალბებას“, – განაცხადა კულებამ.