ლევან დავითაშვილი: 2023 წლიდან საქართველოში ოპერირებას დაიწყებს პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი, სადაც ერთ-ერთი პარტნიორი სახელმწიფო იქნება

„საქართველოში გაჩნდება პირველი გლობალური, ვენჩურული საინვესტიციო ფონდი, სადაც სახელმწიფო შევა თავისი კონტრიბუციით. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ  მსოფლიოში წამყვანი ამერიკული სტარტაპ-აქსელერატორი კომპანია „500“, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებით საქმიანობს და აქტიურად თანამშრომლობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, დააფუძნებს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად  ახალ ფონდს, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს  მონაწილეობას სხვა კერძო ინვესტორებთან ერთად“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფონდის მოცულობა, 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ბიზნესი საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ტექნოლოგიების წახალისების მიმართულებით საკმაოდ არის დაინტერესებული. ვენჩურული ფონდის ჩამოყალიბებით, სადაც, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფოც იქნება წარმოდგენილი უშუალოდ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, ჩვენ გადავდივართ თვისობრივად ახალ ეტაპზე, როდესაც სტარტაპ-ეკოსისტემას ფინანსური მხარდაჭერის ახალი, უფრო მეტად გამართული, ინსტიტუციური საშუალება უჩნდება იმ დახმარებასთან ერთად, რომლითაც, აქსელერაციის ბაზაზე ამ კომპანიებს მხარს ვუჭერთ ხოლმე და ხდება ტექნიკური შესაძლებლობების ზრდა. ამ ზრდაში მონაწილეობენ სწორედ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მათ შორის კომპანია „500“, რომელიც გამორჩეული აქსელერატორია, წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე საქართველოშიც, სადაც 2023 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

500 Georgia არის ვენჩურული ფონდი, რომელიც დაფუძნდა 500-ის მიერ ქართულ სტარტაპებში ინვესტირების, ინოვაციების მხარდაჭერისა და შემდგომი განვითარების მიზნით. ფონდში, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორი – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება ფონდის პარტნიორი 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით. ფონდის პარტნიორებს ასევე  წარმოადგენენ „საქართველოს ბანკი“, ახლად შექმნილი ქართული ვენჩურული ფონდი „ისარი“ და სხვა ადგილობრივი კერძო ინვესტორები.

„პირველ ეტაპზე,  მოვიაზრებთ, რომ  ფონდის მოცულობა იქნება 20 მლნ ამერიკული დოლარი, თუმცა, არაერთი სტარტაპის წარმატების ისტორია გვაფიქრებინებს, რომ ეს წამოწყებაც იქნება ძალიან წარმატებული, ფონდიც მნიშვნელოვნად გაიზრდება და ქართულ ეკოსისტემას გააძლიერებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები