გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ უნდა გვესმოდეს, დასავლეთი დღეს, არა ომის, არამედ მშვიდობის ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, დასავლეთი დღეს, არა ომის, არამედ აქ მშვიდობის ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს! – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, საქართველოში უნდა დამთავრდეს ცალკეული ჯგუფების მხრიდან ანტიდასავლური დისკურსის მხარდაჭერის წამგებიანი პროპაგანდირება პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ.

„უკრაინის ლიდერის პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი აშშ ში, რომელიც წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა,  დაემთხვა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ წვრთნებს. განსაკუთრებით ბახმუტის აღების შემდეგ ზელენსკი დიდი ფორით ჩადის ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და ეს არის სიგნალი ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვისაც, ვისაც დღემდე შედარებით თავშეკავებული პოზიცია აქვს რუსეთის უკრაინაში ინტერვენციასთან დაკავშირებით, აქ პირველ რიგში საფრანგეთის და ნაწილობრივ გერმანიის პოზიციას ვგულისხმობ, უნგრეთთან ერთად!

ნიშანდობლივია, აშშ ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე, რასაც დაემატება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ახალი პარტიის მიწოდება, რომელიც მოიცავს პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე NASAMS და HAWK საჰაერო თავდაცვის სისტემებს, Stinger MANPADS-ს და უპილოტო საფრენ აპარატებს, ითვალისწინებს 2023 წლისთვის უკრაინის დამატებითი დაფინანსების პაკეტს 40 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს აშშ ის ორპარტიული მხარდაჭერის დემონსტრირებაც არის და არა მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციისა, აქ ზოგჯერ არასწორი აქცენტები როცა კეთდება.

როგორც ჩანს, ამ ომის გარდატეხაც ამ ზამთარს უნდა მოხდეს, როდესაც უკრაინა ბახმუტის შემდეგ მელიტოპოლს შეუტევს და ყირიმსაც ფაქტობრივად მოწყვიტავს რუსეთს, რუსეთს კი რჩება ერთადერთი შანსი და ისიც ეფემერული ბელორუსიიდან შეუტიოს უკრაინას კიევის მიმართულებით და ფაქტობრივად გახლიჩოს უკრაინული ფრონტი! ამიტომაც აქვს გადასროლილი 200 ათასიანი ცოცხალი ძალა.

ფაქტობრივად ამ ომის ბედიც ვფიქრობ, სწორედ კიევთან სამხედრო ოპერაციისას უნდა გადაწყდეს, და შემთხვევითი არაა, რომ დასავლეთის და პირველ რიგში აშშ-ბრიტანული ღერძის მთელი მხარდაჭერაც ახლა ამ მიმართულებაზე არის კონცენტრირებული.

ჩვენ უნდა ვემზადოთ სწორედ ამ სცენარისათვის, რადგან ამ სცენარის დადგომისას პუტინის მარცხი არის გარდაუვალი, რასაც ემატება იმპერიული რუსეთის ეკონომიკურად მიგუდვის საკმაოდ ეფექტური სტრატეგია, რაც რუსეთში უკვე 2024 წლისათვის პოსტპუტინისტურ ერამდე მიგვიყვანს.

მიმაჩნია, რომ დასავლეთის მხარდაჭერაც ახლა იძენს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან წერტილს!

ალტერნატიული სცენარი რუსეთის გამარჯვების და უკვე აშკარად მობერებული და დროს აცდენილი აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კისინჯერის მორიგი ე.წ შუალედური დაზავების ვარიანტი, უკრაინის მხრიდან ტერიტორიული კონსენსუსით, ვფიქრობ გამორიცხულია! პუტინის გადარჩენა ეს არის ახალი დიდი ქაოსი გლობალურ პოლიტიკაში, სადაც სხვა აქტორებიც მოინდომებენ საკუთარი პარანოიდალური ინტერესების ძალით დაკმაყოფილებას ან სულაც პუტინისტურ რუსეთთან ალიანსების გაფორმებას!

აქედან გამომდინარე, ჩვენთან უნდა დამთავრდეს ცალკეული ჯგუფების მხრიდან ანტიდასავლური დისკურსის მხარდაჭერის წამგებიანი პროპაგანდირება პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, დასავლეთი დღეს, არა ომის, არამედ აქ მშვიდობის ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს!

ევროკავშირ-საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის ინიციატივა და საქართველოს როგორც მწვანე ენერგეტიკული რეგიონალური ჰაბის პერსპექტივა ამის კარგ  წინაპირობას ქმნის!

ჩვენ შევდივართ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, სადაც შუა დერეფნის ლიდერად ჩვენი გარდაქმნა და რუსული სივრციდან გასვლა ყველა შესაძლო სცენარისას გარდაუვალია თუ სწორ პოლიტიკურ ვექტორს ავირჩევთ!

ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი ამ ახალ რეალობაში მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, იმაზე მეტიც კი რაც გასული საუკუნის 20-იან წლებში გვქონდა და ჩვენივე უჭკუობით თუ ბედუკუღმართობით დავკარგეთ,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც!

დღეს ჩვენი ერთადერთი მოკავშირე და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი არის დასავლეთი, და რომ არა არაღიარების პოლიტიკა აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც უკვე კარგა ხნის დაკარგული იქნებოდა. ვისაც ეს არ ესმის არის ან ბრიყვი, ან იდიოტი და რუსული ჰიბრიდული პოლიტიკის ნაწილი!

ამიტომ, მიმაჩნია, რომ დასავლეთთან, ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, ნებისმიერი ფორმის კომფრომტაცია და არა ცალკეულ საკითხებზე ჯანსაღი პოლემიკა,  არის რუსულ ისტორიულ წყალგასულ ინტერესზე წყლის დასხმა, რაც რუსული ბოლო იმპერიის უცილობელი რღვევის მომენტში არის თავიდან ბოლომდე წამგებიანი და უმძიმეს მომავალსაც გვიქადის!

ამ ომის დაწყებიდან მალევე დავწერე, რომ არ ასცდებოდა პუტინის ხროვას სამხედრო ტრიბუნალი და ახალი ნიუნბერგი და ყველაფერი მანდეთ მიდის, უკრაინელი და ყველა თავისუფლების მოყვარე ხალხის, მათ შორის ჩვენი მსხვერპლის ფასად, თუმცა ეს არის გლობალური გამოწვევა სადაც, ურდორი ისევე უნდა დამარცხდეს, როგორც ფაშისტური გერმანია და მისი მოკავშირეები დამარცხდნენ!

აქ ასე პროპაგანდირებული და სახიფათო რუსული მისტიციზმიც, აგებული რელიგიურ ცრუ პარადიგმებზე უნდა დასრულდეს თუ ჩვენ გვსურს თანამედროვე სახელმწიფო გვქონდეს!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები