უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი: უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას
უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ სათანადო სამედიცინო დახმარება მიხეილ სააკაშვილს და დააკმაყოფილონ სასჯელის გადავადების მოთხოვნა.
„საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა უკრაინის სპეცოპერაცია იყო თბილისის ომში ჩართვის მიზნით. რა სახის ინსინუაციებს არ გაავრცელებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოში, რათა მოიხსნას პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის. უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.
სამაგიეროდ, ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს. ჩვენ განვაახლებთ მოწოდებას მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცისთვის წვდომის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ასევე, მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქეს გაუწიონ სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე, დააკმაყოფილონ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით“, – წერს ოლეგ ნიკოლენკო Facebook-ზე.