ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება – ტრაგედიაა, მაგრამ ეს არ არის რუსეთის პოლიტიკის შედეგი, არამედ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის უწყებაში გაფართოებულ საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის სურდა ე.წ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ სტრატეგიულ მტრებს ეს არ სურდათ და საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ რუსეთის დაშლას.
პუტინის თქმით, “უკრაინაში შექმნილი ვითარება იმის შედეგია, რომ მოსკოვის გეოპოლიტიკურმა მეტოქეებმა გადაწყვიტეს ტვინის გამორეცხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისა და პირველ რიგში – უკრაინის”.
“ჩვენთვის არაფერია დასაბრალებელი. ჩვენ ყოველთვის ვუყურებდით უკრაინელებს, როგორც მოძმე ხალხს და ახლაც ასე ვფიქრობ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რა არ გააკეთა რუსეთმა უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დასამყარებლად, მაგრამ არ გამოუვიდა.
კრემლის ლიდერის თქმით, ახლა რუსეთს ნატოს მთელი ბლოკი ეწინააღმდეგება.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეს ნატოს, თითქმის ყველა ძირითადი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები რუსეთისთვის იბრძვიან გაბედულად და მტკიცედ, თავდაჯერებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებენ დასახულ ამოცანებს,“ – განაცხადა პუტინმა..
მან სამხედრო ელიტას მოუწოდა გააანალიზონ ნატოს გამოცდილება და ტაქტიკა და გამოიყენონ ისინი არმიის საბრძოლო შესაძლებლობებისა და სპეცსამსახურების ეფექტურობის ასამაღლებლად.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ პირობა დადო, რომ ე.წ. სპეცოპერაციის ამოცანები შესრულდება.