ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების და ვირუსისგან გარდაცვალების მატების ფონზე, ქალაქებში ტესტირების პუნქტებს ამატებენ, პეკინში კი, სპორტულ დარბაზებში საწოლებს დგამენ.
ამის შესახებ Reuters წერს.
აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დღეს, კიდევ 5 გარდაცვლილის შესახებ გამოაცხადა, ადგილობრივებს სტატისტიკის არ სჯერათ. ამის პარალელურად კი, “კრემატორიუმების დაცვა გააძლიერეს, რომ არ მოხდეს რეალური სურათის დანახვა”.
ჩინეთში შექმნილი ვითარება სულ უფრო იქცევს მსოფლიო ყურადღებას და შეშფოთების საგანს წარმოადგენს.
როგორც სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის Saw Swee Hock-ის დეკანის მოადგილემ, ალექს კუკმა თქვა, „სხვა ქვეყანაში ეპიდემიის ყოველი ახალი ტალღა, ვირუსის ახალი ვარიანტების გაჩენის რისკს ზრდის. და ეს რისკი უფრო მაღალია, როდესაც აფეთქებაც დიდია. ჩინეთის ამჟამინდელი აფეთქება, სავარაუდოდ, დიდი იქნება”.
”თუმცა, ჩინეთს აუცილებლად მოუწევს COVID-19-ის დიდი ტალღის გავლა, თუ მას სურს მომავალში მიაღწიოს ენდემურ მდგომარეობას, ჩაკეტვისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანის გარეშე,” – თქვა კუკმა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ჩინეთში ვირუსის მუტაციის შესაძლებლობა, „საფრთხეს უქმნის ხალხს მთელ მსოფლიოში“.
საკითხს ასევე, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალური წარმომადგენელი, ჯონ კირბი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ ყველანაირად, რაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ“
2019 წელს პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის დეკემბრის დასაწყისამდე, ჩინეთში მკაცრი კორონავირუსული შეზღუდვები მოქმედებდა, რის გამოც ქვეყანამ პანდემია შედარებით, მცირედი ადამიანური დანაკარგით გაიარა. თუმცა, მოსახლეობაში უკმაყოფილება მატულობდა და საპროტესტო აქციების ფონზე, დეკემბრის დასაწყისში შეზღუდვები მოიხსნა. ამ ქმედებას კი, ინფიცირებულთა ზრდა და გარდაცვალების ახალი სტატისტიკის შექმნა მოჰყვა.
საკითხს ართულებს ის ფაქტი, რომ დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც მოხერხდა ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავება, ჩინეთმა ვაქცინაციის დაბალი დონის გამო ამას ვერ მოაღწია.
ოფიციალურად, ჩინეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, მაგრამ, მთავრობის მონაცემებით, ზრდასრულებში “ბუსტერ” დოზით აცრილი მხოლოდ 57,9%-ია, ხოლო 80 წელს ზემოთ პირებში – 42,3%-მდე.
დასავლეთის დახმარების გაწევის ერთ-ერთი შესაძლებლობა ჩინეთისთვის BioNTech-ის განახლებული mRNA ვაქცინების მიწოდებაა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ლიდერი ამ დახმარებაზე უარს იტყვის.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თეთრი სახლის კოროვირუსზე რეაგირების კოორდინატორმა, დოქტორ აშიშ ჯამ თქვა, „ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ვაქცინებით, მკურნალობით და სხვა ყველაფერით, რითაც ვიქნებით სასარგებლო”.
პეკინში თქვეს, რომ „ინსტიტუციური უპირატესობები“ დაეხმარება მათ ეპიდემიასთან გამკლავებაში უცხოური დახმარების გარეშე, და რომ “COVID-ისგან ჩინეთში ბევრად ნაკლები ადამიანია გარდაცვლილი ვიდრე ამერიკაში, სადაც 1.1 მილიონი ლეტალური შემთხვევა აღირიცხა და სიკვდილი 2.1 მილიონი ევროპაში”.