აქცია რუსთაველზე – მაია კახიძემ საკუთარი წიგნები საახალწლო საჩუქრებად დაარიგა

რუსთაველზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან მწერალმა და  მსახიობმა მაია კახიძემ უჩვეულო აქცია გამართა – საკუთარი წიგნები ჩემი წიგნები საახალწლო საჩუქრად დაარიგა და, როგორც ამბობს, ბევრის გული გაახარა.

აქციას პოეტი და ჟურნალისტი მარინე თექთუმანიძე შემოუერთდა, რომელმაც გვითხრა:
„დღეს ძალიან საინტერესო აქციაა…  ჩვენმა მეგობარმა, კოლეგამ მაია კახიძემ გადაწყვიტა, რომ თავისი წიგნები საჩუქრად გადასცეს გამვლელ-გამომვლელებს. საინტერესო აქციაა,  რამდენ ადამიანს უნდა წიგნის შეძენა და საშუალება არ აქვს.  ნებისმიერი ადამიანისთვის ეს ძალიან კარგი საჩუქარია. მივესალმოთ ამ წამოწყებას და მივბაძოთ მწერლებმა“.

მაიკო კახიძე:
„უმრავლესობას უხაროდა ასეთი საჩუქარი, ცოტაოდენს კი… რა ვქნათ, მწერლებმა? ზოგს არ უყვარს წიგნი და წაკითხვა, ვერც დააძალებ. მე ჩემი გავაკეთე და საკუთარი წიგნებიდან ბევრი გავაჩუქე…
აქციის მიზანი ის გახლავთ, რომ მინდა წიგნი უყვარდეთ. მე წიგნის სიყვარულით მზრდიდნენ ბავშვობიდან,  განსაკუთრებით მამას ვემადლიერები, რომ 5 წლიდან წიგნი შემაყვარა.
დღეს, უწინდელთან შედარებით, შეცვლილია სურათი – ასე მგონია, ჩემს სამშობლოში წიგნი არცერთ თაობას აღარ უყვარს. ასაკოვან ხალხს ნერვები აღარ უვარგა, რადგან დაიღალა, დაიქანცა, ახალგაზრდები კი  დარბიან აქეთ-იქით, მიტანის სერვისებში არიან ჩართული, აღარაფერი აინტერესებთ… ინტერნეტმაც თავისი გააკეთა, ამას უფულობაც დაერთო  და… წიგნის სიყვარული დაიკარგა!
ამ ზაფხულს, აგვისტოში, კახეთში ვიყავი, ბოდბეში წმინდა ნინოს მონასტერში მივდიოდი… ვხედავ, ოთხი კარგი გოგო მოდის, ასე 18-20 წლისანი, პირველკურსელები  აღმოჩნდნენ… ფეხით რას ავიდოდნენ სიღნაღში? მე და ჩემმა მეუღლემ მანქანით ავიყვანეთ. ოთხივეს წიგნები ვაჩუქე, ჩემი პროზაული ნაწარმოებები. ვკითხე: პოეზია თუ გიყვართ-მეთქი, ოთხივემ მიპასუხა, არაო!!
რას ვიზამდი? აღარ ვაჩუქე ლექსების კრებულები.
გაზაფხულზე ჩემი მე-12 წიგნი გამოვა. მერე იმასაც გავაჩუქებ. სიკეთე გადამდებია, სხვებიც მომბაძავენ. ჩემს თავსაც ვუძღვნი ამ სიკეთეს, ჩემი დღეობა მოდის 29 დეკემბერს, მამა კი 25 დეკემბერს იყო დაბადებული. ორივე დეკემბრისები ვიყავით. მამის ხსოვნას ვუძღვნი ამ აქციას.
მრავალი ბედნიერი ახალი წელი შემობრძანებულიყოს ჩვენს სამშობლოში, ახალი წიგნები და მკითხველი გვიმრავლოს უფალმა, მშვიდობა იყოს დედამიწაზე, ბევრი სიყვარული და ერთმანეთობა! – ამბობს მაია კახიძე.


                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები