,,სითი პარკს“ ზედამხედველობის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ

  „უფლებადამცველთა გაერთიანება’’ ,,სითი პარკს“ ავტომობილების საჯარიმოზე კანონდარღვევით გადაყვანასა და ტექნიკური ზედამხედველობის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და ტექნიკურმა ექსპერტმა გიორგი ნიკოლაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. გიორგი ნიკოლაიშვილის განცხადებით, ,,სითი პარკის’’ ის ამწესაშუალებები, რომლებიც მანქანების საჯარიმოზე გადასაყვანად გამოიყენება, არ არის აყვანილი ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურში როგორც ამწეები. არაა შემოწმებული მათი ჰიდროსისტემები, მზიდი ლითონკონსტრუქციები და ასაწევი ღვედები. მისი თქმით, ყოველივე იწვევს იმას, რომ მანქანების საჯარიმოზე გადაყვანის პროცესში ადგილი აქვს ავტომობილების არასწორ ტრანსპორტირებას მანქანის ძარაზე აყვანისას, რის შედეგადაც ხდება მათი სიჩქარეთა კოლოფის და სავალი ნაწილების დაზიანება. მჟავანაძის განცხადებით, ,,სითი პარკის’’ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახორციელებენ ავტომობილების აწევასა და ევაკუაციას, არ გააჩნიათ სპეციალური მომზადება და არ აქვთ ავტოამწის მემანქანის მოწმობები.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავჯდომარის განცხადებით, საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-4 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის ბ ქვეპუნქტის, ასევე მე-5 პუნქტის ო ქვეპუნქტის თანახმად, უნდა ხორციელდებოდეს პერიოდული ინსპექტირება და შემოწმება ამწე მოწყობილობისა, რასაც უწყებრივად ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროში არსებული ,,ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური’’. თუმცაღა, მისი თქმით, ,,სითი პარკის’’ ავტომობილები ამგვარ ინსპექტირებასა და შემოწმებას არ გადიან.’’ ,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ მოუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს, შეამოწმოს ,,სითი პარკის’’ ის ამწე მანიპულატორები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა, რათა არ მოხდეს ავტომობილების დაზიანება მათი საჯარიმოზე გადაყვანის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები