მიხეილ სარჯველაძე – ჰააგის გადაწყვეტილებაზე: თითი თითზე არ ჰქონდა დადებული “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებას, გაფუჭებული თუ ჰქონდათ რაიმე ამ მიმართულებით, თორემ გაკეთებული – არაფერი
“გახსოვთ, როდესაც ეს საქმე წამოწყებული იქნა, თითი თითზე არ ჰქონდა დადებული “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას, გაფუჭებული თუ ჰქონდათ რაიმე ამ მიმართულებით, თორემ გაკეთებული არაფერი”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის გამოძიებას, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.
“ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. დიახ, ხელის შემშლელი იყო, მათ შორის, ის დოკუმენტები, რომლებსაც აქტიურად ხელს აწერდნენ, რომელ დოკუმენტებსაც ქმნიდნენ და მათ შორის, გავიხსენოთ ის რეზოლუციაც, რომელსაც ხელი მოაწერეს. გახსოვთ თქვენ, მაგალითად, ზოგიერთი მათი წარმომადგენლის ახსნა, რომ სხვა პუნქტებში იყო საინტერესო რაღაცები და ამიტომ მოვაწერეთო ხელიო. პრაქტიკულად რუსეთის და საქართველოს ბრალეულობა თანაბრად როდესაც არის შეფასებული, ამის შემდეგ რომ ვინმეს ენა მოუბრუნდება და კიდევ რამეზე პრეტენზია და ამბიცია ექნება, ეს მართლა ნიშნავს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური ამორალობა”, – განაცხადა სარჯველაძემ.