თეა წულუკიანის მისაღები საგამოფენო სივრცედ იქცა
იუსტიციის სამინისტროს მე-9 სართულის მისაღები, სადაც მინისტრ თეა წულუკიანისა და პირველი მოადგილის − ალექსანდრე ბარამიძის სამუშაო ოთახებია განლაგებული, დროებით საგამოფენო სივრცედ იქცა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მისაღები ოთახი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს საექსპოზიციოდ დაეთმობა. ყველა უცხოელ თუ ქართველ სტუმარს, ვინც მინისტრსა და მის მოადგილეს სამუშაო ოთახში ხვდება, ქართველი მხატვრების შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა. მინისტრი და მისი პირველი მოადგილე მიიჩნევენ, რომ მათი მისაღების დროებით „საგამოფენო დარბაზად“ ქცევა ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედების პოპულარიზაციას. სწორედ ამის გამო მათთვის ისეთი არატრადიციული სივრცე იქნა შეთავაზებული, როგორიც იუსტიციის მინისტრის მისაღებია.
იუსტიციის სამინისტრო, ახალი პროექტის ფარგლებში, მხატვარ ლევან ლაღიძეს მასპინძლობს. დროებით საექსპოზიციო დარბაზში ამჟამად მისი შვიდი ნამუშევარია გამოფენილი.
იუსტიციის სამინისტრო ლევან ლაღიძეს თებერვლის ბოლომდე უმასპინძლებს, შემდეგ კი ამ სივრცეში სხვა მხატვრის ნამუშევრები გამოიფინება. ექსპოზიციები დროებითი იქნება და ყოველ 2 თვეში ერთხელ შეიცვლება.