ეროვნულ არქივში საიუბილეო გამოფენა „საქართველო და შეერთებული შტატები დიპლომატიური ურთიერთობის ისტორია” გაიხსნა
„საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია” – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექსპოზიცია ასახავს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე, წარმოაჩენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ხანგრძლივ და მრავალფეროვან ისტორიას და ხაზს უსვამს ამ სახელმწიფოების სტრატეგიულ პარტნიორობას.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. გამოფენის დამთვალიერებლებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონმა. გამოფენის გახსნაში მონაწილეობდა უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრთან არსებული ანსამბლი „კრწანისი”, რომელმაც ქართული ფოლკლორული სიმღერები შეასრულა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და აშშ-ის საელჩო საქართველოში. ექსპონატებს შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ში საქართველოში საელჩოსა და სხვა ორგანიზაციებში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები. გამოფენა 2023 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.