430 მომხრე, 53 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე 126-მა ევროპარლამენტარმა შეიკავა თავი.
რეზოლუცია სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მოხსენების საფუძველზეა შედგენილი და მას ევროპარლამენტმა კენჭი შესწორებებით უყარა. შესწორებების უმეტესობას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
დოკუმენტში ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მხოლოდ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ შეძლებს ქვეყანა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ევროკომისიის პრიორიტეტებს შორისაა: სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური ზეგავლენისგან, მედიის თავისუფლების დაცვა და დეოლიგარქიზაცია.