შალვა პაპუაშვილი – საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე: ვენეციის კომისიიდან ჩამოვიდა ძალიან დადებითი დასკვნა

ვენეციის კომისიიდან ჩამოვიდა ძალიან დადებითი დასკვნა. ვხედავთ სიგნალებსაც, რომ ოპოზიცია მზად არის – მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებებს და ვფიქრობ, ეს იქნება კარგი მაგალითი, რომ წლის ბოლოს ვაჩვენოთ ეს თანხმობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვენეციის კომისიიდან ჩამოვიდა ძალიან დადებითი დასკვნა. პოზიტიურად შეფასდა ბევრი ცვლილება, რომელიც ჩვენ ამ პროექტით გავითვალისწინეთ, მათ შორის, რევოლუციური ხასიათის ცვლილებები; იცით თქვენ, ელექტრონული მთვლელები იქნება თითქმის ყველგან წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის დასკვნა ნახეს, [ოპოზიცია] ვფიქრობ, პირადი საუბრებიდან გამომდინარე, დარწმუნდნენ, რომ ეს ცვლილებები არის ის, რომელზეც მნიშვნელოვანია იყოს მათი თანხმობა. ვხედავთ სიგნალებსაც, რომ ოპოზიცია მზად არის მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებებს და ვფიქრობ, ეს იქნება კარგი მაგალითი, რომ წლის ბოლოს ვაჩვენოთ ეს თანხმობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა

ცნობისთვის, პარლამენტში „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილავენ. განხილვა უკვე დაიწყო. დოკუმენტში ასახულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციები. სწორედ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირ-ის შუალედურ დასკვნაზე დაყრდნობით, მმართველ პარტია ელოდება, რომ დოკუმენტს მხარს ოპოზიციაც დაუჭერს. კენჭისყრა ხვალ უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები