ირაკლი კობახიძე: ხელფასები ეზრდებათ საჯარო მოსამსახურეებს და არა – პოლიტიკოსებს
იმისთვის, რომ კორუფციის პრევენცია მოხდეს და ა.შ. საჭიროა, საჯარო მოხელეს ჰქონდეს სათანადო ანაზღაურება. რეალურად, იმის მინიმუმი კეთდება, რაც ამ სფეროში შეიძლებოდა, გაკეთებულიყო. აქედან გამომდინარე, ესეც სპეკულაციაა, პოლიტიკოსები კი არ იზრდიან ხელფასებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა.
„საქართველოში ათიათასობით საჯარო მოსამსახურეა, რომლებსაც წლების მანძილზე ხელფასები არ გაზრდიათ ან მცირედით გაეზარდათ, რაც არ არის სწორი. იმისთვის, რომ კორუფციის პრევენცია მოხდეს და ა.შ. საჭიროა საჯარო მოხელეს ჰქონდეს სათანადო ანაზღაურება. რეალურად, იმის მინიმუმი კეთდება, რაც ამ სფეროში შეიძლებოდა გაკეთებულიყო. აქედან გამომდინარე, ესეც სპეკულაციაა, პოლიტიკოსები კი არ იზრდიან ხელფასებს. ძალიან ფართო კონტინგენტია ჩვენი მოქალაქეების საჯარო მოსამსახურეების, რომლებიც ქვეყანას, თავის რაიონს, ქალაქს ემსახურებიან. მათთვის ხელფასების მატება მინიმალურ დონეზე, რაც არის გათვალისწინებული, უბრალოდ, აუცილებელი იყო და ეს აისახა ბიუჯეტში. მთავარი ცვლილებები მატების კუთხით აისახა სწორედ სოციალურ ნაწილში. ეს ეხება იგივე ბავშვებს. ბავშვთა შორის სიღარიბე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ის ცვლილება, რომელიც უკვე არის ბიუჯეტში ასახული, სერიოზულად აისახება ბავშვთა შორის სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე. დაიდება „იუნისეფის“, გაეროს მონაცემები. საზოგადოება ნახავს, რომ რეალურად შემცირდება მომდევნო წელს ბავშვთა შორის სიღარიბე, რაც არის ერთ-ერთი გამოწვევა.
ჩვენ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მეტი გავაკეთოთ მოსახლეობისთვის, მათ შორის სიღარიბის აღმოფხვრის ნაწილში და უკეთესი სოციალური მდგომარეობის უზრუნველყოფის ნაწილში ეს ყველაფერი არის ასახული, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზე არის ორიენტირებული“, – თქვა კობახიძემ.