“გაზაფხულზე რუსეთი იძულებული გახდება, არჩევანი გააკეთოს: ან უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს ან ეს ავადსახსენებელი ქობინები და ქიმია გამოიყენოს” – ზაალ კასრელიშვილი

“2023 წელს, გაზაფხულზე რუსეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული გახდება, არჩევანი გააკეთოს: ან უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს, გადავიდეს მოლაპარაკებების, უფრო სწორად, პოლიტიკური ვაჭრობის რეჟიმში ან ეს ავადსახსენებელი ქობინები და ქიმია გამოიყენოს, რასაც ძალიან სერიოზული გართულება მოჰყვება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თუნდაც რუსეთის ერთი აგენტი მაინც დადის”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილმა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინას ფიზიკურად, ინფრასტრუქტურულად ანადგურებს, მაგრამ ცოცხალი ძალით წინ ვერ მიიწევს.

“უკრაინაში დღევანდელი ვითარება ზოგადად რომ შევაფასოთ, გარდამავალი უპირატესობითაა. ზამთარია და, როგორც ჩანს, რუსეთი ახალი ტერიტორიების დაპყრობას რუსეთი, არსებული პოზიციები უნდა შეინარჩუნოს. ამ მიზნით ცდილობს, სტრატეგიული წერტილები, სიმაღლეები აიღოს, მაგალითად, როგორიცაა ბახმუტი. ყველა ტიპის ტექნიკას იყენებს. უკრაინას ფიზიკურად, ინფრასტრუქტურულად ანადგურებს, მაგრამ ცოცხალი ძალით წინ ვერ მიიწევს. როგორც ჩანს, მთელი ძალების მობილიზაციას დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით გააკეთებს. მთელ რესურსს იქ გამოიყენებს, რათა რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს, შემდეგ ყირიმივით, აფხაზეთივით და ცხინვალივით დასავლეთთან სავაჭრო თემები რომ ჰქონდეს. რუსეთი ყველა ტიპის იარაღს იყენებს, მაგრამ, როგორც ჩანს, თავის სამხედრო მოქმედებებით მაინც უკმაყოფილოა. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე უკვე რამდენჯერმე ღიად ალაპარაკდა, აკონკრეტებენ მცირე ზომის ქობინებს და წერტილოვან დარტყმებს. შეგვიძლია, ის პროგნოზი გავიმეოროთ, რაც გაკეთებული გვქონდა: რუსეთი დონეცკის და ლუგანსკის ასაღებად მთელ ძალებს გადაისვრის. თუ დასავლეთის მხრიდან ადეკვატურ წინააღმდეგობას წააწყდა, მცირემუხტიანი ქობინებით წერტილოვან დარტყმებს განახორციელებს იმისთვის, რომ ცოცხალი ძალით წინ გადაადგილდეს. საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების შემდეგ როცა მიხვდება, რომ უკრაინელი მებრძოლები ვერ გატეხა და ვერ აიძულა, უკან დაეხიათ, აუცილებლად ქიმიას იხმარს. ეს მის პრაქტიკაშია. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რუსეთს ნატო-სთან დაპირისპირება მოუწევს. ეს კარგი ამბავი არაა. ნატო-ს აქვს იმის ძალა, რომ რუსეთს დაუპირისპირდეს. როდესაც ნატო-ს გენერალური მდივანი ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ ნატო-ს და რუსეთს შორის დაპირისპირება მოხდება და როდესაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მისი პრესმდივნის მეშვეობით განცხადებას აკეთებს, რომ ნატო-ს და რუსეთს შორის ურთიერთობა უკვე მაქსიმალურად დაძაბულია, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დაპირისპირება მარტო უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნება. ეს იქნება პროცესი, რომელიც ყველა ქვეყანას შეეხება, სადაც რუსეთის სამხედრო ან პოლიტიკური ინტერესებია, სადაც რუსეთს მეხუთე კოლონა ჰყავს. აბსოლუტურად ყველგან დაპირისპირებები იქნება, რაც შეიძლება, შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანია, როგორც მინიმუმ, გაზაფხულამდე ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ერთი მარტივი მიზეზის გამო – პროცესები უჩვენოდაც ისე მიდის, როგორც საქართველოს მომავალს სჭირდება, როგორც იმ ქვეყანას სჭირდება, რომელმაც თავის ადგილი უკვე იპოვა.

რუსეთში გაზაფხულზე უმნიშვნელოვანესი პროცესები დაიწყება. ეს წელი გარდამტეხი მარტო რუსეთ- უკრაინის ომისთვის არ იქნება. 2023 წელი თავად რუსეთისთვის იქნება გარდამტეხი. ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს, გაზაფხულზე რუსეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული გახდება, არჩევანი გააკეთოს: ან უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს, გადავიდეს მოლაპარაკებების, უფრო სწორად, პოლიტიკური ვაჭრობის რეჟიმში ან ეს ავადსახსენებელი ქობინები და ქიმია გამოიყენოს, რასაც ძალიან სერიოზული გართულება მოჰყვება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თუნდაც რუსეთის ერთი აგენტი მაინც დადის. ასე რომ, 2023 წლის ბოლომდე ამ ომში მიმდინარე სამხედრო- პოლიტიკური პროცესების კონტურები უკვე მთლიანად გამოკვეთილი იქნება. ჩვენ ეს ერთი წელი როგორმე მშვიდობასა და სტაბილურობაში უნდა გავატაროთ”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები