მერაბ ნინიძის მასტერკლასი გაიმართება

16 დეკემბერს, 19:00 საათზე, „თიბისი კონცეპტისა“ და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში,  მერაბ ნინიძის მასტერკლასი გაიმართება.
შეხვედრას უმასპინძლებს „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მასტერკლასი, ძირითადად, განკუთვნილია თეატრისა და კინოს მსახიობებისა და სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
მერაბ ნინიძე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ქართველი არტისტია როგორც სამშობლოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ.
მსახიობმა პირველი კინოროლი შეასრულა თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“. მერაბ ნინიძის ფილმოგრაფია არაერთ გამორჩეულ ფილმს მოიცავს. მათ შორის არის: ალექსანდრე რეხვიაშვილის „საფეხური“, დიტო ცინცაძის „შემოჭრა“, ბახტიარ ხუდოინაზაროვის „ლუნა პაპა“, ალექსეი გერმანის (უმცროსი) „ქაღალდის ჯარისკაცი“, ევგენი შელიაკინის „შავი და თეთრი“, კორნელი მუნდრუცუს „იუპიტერის მთვარე” და ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.
კაროლინ ლინკის ფილმმა „არსად აფრიკაში“, სადაც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, 2001 წელს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – „ოსკარი“ მოიპოვა. ასევე, აღსანიშნავია დომინიკ კუკის ფილმი „კურიერი“, სადაც მერაბ ნინიძეს პარტნიორობას ბრიტანელიკინოვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი უწევს.
მერაბ ნინიძის შემოქმედებით ბიოგრაფიაშია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სატელევიზიო სერიალი „სამშობლო“ და ბრიტანული სატელევიზიო სერიალი „მაკ მაფია“. 2021 წელს გერმანიაში გამოვიდა მინისერიალი „ექიმი ბალუზი“, სადაც მერაბ ნინიძე მთავარ პერსონაჟს – ამინ ბალუზის ასახიერებს.

მასტერკლასზე დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: www.conceptevents.ge-ზე.

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა, „ცხელი შოკოლადი“.

მის: მარჯანიშვილის №7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები