იტალიის სენატმა 2023 წელს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა
იტალიის სენატმა 2023 წლის განმავლობაში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიურ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, რეზოლუცია ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს, რომელსაც მხარი 143-მა სენატორმა დაუჭირა, 29 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებით, უკრაინა იტალიისგან შეიარაღებას იქამდე მიიღებს, ვიდრე რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დაიწყება.
ამასთან, იტალიის პარლამენტის ზედა პალატის წევრებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების თაობაზე ოპოზიციური პარტიების კიდევ ორი რეზოლუცია მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღის გადაცემის შეჩერების შესახებ მემარცხენეებისა და „მწვანეების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციას სენატორებმა მხარი არ დაუჭირეს.