მარიამ ქვრივიშვილი: ევროპის ხუთი ახალი მიმართულების დამატება ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოლაპარაკების შედეგია
ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების წარმატებული შედეგი. ის სრულად ემყარება იმას, რომ ჩვენი მხრიდან – ავიაკომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომხდარიყო სწორი მიმართულებების იდენტიფიცირება, რომლებიც ეფუძნება იმ ხედვას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიის დივერსიფიცირებისთვის, მდგრადი განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ევროპის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არსებობას. სწორედ ამიტომ არ არის შემთხვევითი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ხუთ ახალ მიმართულებაზე (ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი) – ის ხედვა, რომელიც გვაქვს, გვაძლევს დივერსიფიცირების შესაძლებლობას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე, რომელიც უნგრეთის ავიაკომპანიის „ვიზეარის“ მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ახალი მიმართულების დამატებას შეეხებოდა.
ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და იწყებს რეისებს ევროპის ხუთი მიმართულებით. შედეგად, „ვიზეარი“ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით ფრენას განახორციელებს.
მინისტრის მოადგილემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოსთვის გამორჩეულად პრიორიტეტულია გერმანია, როგორც ტურისტული და საავიაციო ბაზარი. „განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2023 წელს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin წარსდგება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით. ძალიან დიდი მარკეტინგული აქტივობები გვაქვს დაგეგმილი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გერმანიაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რათა ამ ქვეყანაში მეტ ადამიანს გაუჩნდეს საქართველოში მოგზაურობის სურვილი. კარგად გვესმის, რომ გამტარუნარიანობა და პირდაპირი რეისები უმნიშვნელოვანესია, რათა შევძლოთ მგზავრების და ტურისტების მიღება,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მან ასევე აქცენტი გააკეთა ესპანეთზე, როგორც კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე.
„ჩვენ გვაქვს კვლევები, რომლებზე დაფუძნებითაც ვხედავთ, რომ ესპანეთი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მზარდი ბაზარია, სწორედ ამიტომ ჩვენი მხრიდან მოლაპარაკების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი იყო ესპანეთზე, კონკრეტულად მადრიდის მიმართულებაზე და მადლობას ვუხდი ავიაკომპანიას ამ თხოვნის გათვალისწინებისთვის,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე დადებითად შეაფასა, რომ დაემატა ბრიუსელისა და პოზნანის მიმართულებები.
„მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნება ქუთაისში და ხუთი ახალი ევროპული მიმართულება დამატება უკიდურესად წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ტურიზმის ინდუსტრიის გაზრდისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გაზრდის ჩვენი ქვეყნის შემოსავლებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ტურიზმის ინდუსტრიიდან. ამასთან, გააძლიერებს საქართველოში ოპერირებად მცირე და საშუალო მეწარმეებს, პირველ რიგში იმერეთში და შემდგომ მთელ საქართველოში,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.