დავით სონღულაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს 51 %-იანი თანამონაწილეობით იწყება

ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს 51 %-იანი თანამონაწილეობით იწყება. პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ შეიძლება ეროვნული მნიშვნელობის პროექტების მართვა სახელმწიფოს მხარდაჭერით, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორმა 5 წლის განმავლობაში ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულება და პროექტის განხორციელება, ამიტომ სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა და ხდება გარანტორი იმისა, რომ ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი განხორციელდეს და მიღებული ეკონომიკური სარგებელი ისევ ქვეყნის საჭიროებებს მიზნობრივად მოხმარდეს.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია და მას ექნება პოტენციალი, რომ დაინტერესებული ქვეყნებისთვის გახდეს მიზიდულობის ცენტრი, ფართომასშტაბიანი რეგიონული თუ გლობალური პროექტების ნაწილი, რითაც ხელი შეეწყობა ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და შეფასება, თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება, ზრდის ჩვენი კორიდორის მიმართ ინტერესს.

„ამ პროცესს შესაბამისი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით მხარდაჭერა სჭირდება და ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგება, ჩვენს ევროპულ გზაზე კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია და ქვეყნის სწორად განვითარება“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები