„ყოველ წელს გრიპის ახალი შტამი ჩნდება, შესაბამისად, გრიპზე ყოველწლიურად, ხელახლა აცრა გვჭიდება” – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„ყოველ წელს გრიპის ახალი შტამი ჩნდება, შესაბამისად, გრიპზე ყოველწლიურად, ხელახლა აცრა გვჭიდება”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბუწაშვილმა განმარტა, რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში.
„ჩვეულებრივ, ყველა სეზონზე და ახლაც გრიპის ვირუსი დომინირებს ხოლმე, როგორც A გრიპი, ისე B ტიპის ვირუსი. წელს H3N2 აქტიურობს. ჩვენ ვიცით, რომ ყოველ წელს გრიპის ახალი შტამი ჩნდება, შესაბამისად, გრიპზე ყოველწლიურად, ხელახლა აცრა გვჭიდება. ადამიანები ხშირად ამბობენ, შარშან ავიცერი და ხელახლა რატომ უნდა ავიცრაო. ყოველ წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელახლა გვჭირდება იმიტომ, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ყოველ წელს რომელი შტამიც ცირკულირებს, იმის საწინააღმდეგო ვაქცინას ქმნის. კიდევ ერთი სკეპტიციზმი, რაც ადამიანებს აქვთ: როცა გრიპზე აიცრებიან და მერე სასუნთქი გზების ინფექციები მაინც ემართებათ, ამბობენ, რა აზრი ჰქონდა აცრას, მაინც დამემართაო. ჯერ ერთი, სხვადასხვა ვირუსები არსებობს და ვაქცინა კონკრეტულად გრიპის წინააღმდეგაა. მეორეც – ვაქცინას არ აქვს პრეტენზია, რომ ინფექცია არ დაგვემართება. მისი ამოცანაა, რომ გართულებები და მძიმე გამოსავალი შეამციროს. გრიპის ვაქცინა ამას შესანიშნავად აკეთებს.
პნევმონია და სხვა ტიპის გართულებები გრიპის დროს, ყველა სეზონზე ხდება. ასევე ხშირია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ესეც ახალი ვირუსი არ არის, ყოველწლიურად გვაქვს ხოლმე, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ჩვილ ბავშვებს ერჩის. შეიძლება, მძიმე ბრონქიტით და პნევმონიით გართულდეს.
კორონავირუსი, რა თქმა უნდა, ისევ რჩება. მისი დიაგნოსტიკა ძალიან შემცირდა, რადგან ადამიანები ტესტირებას არ იტარებენ, ან ხშირად ტესტირებითაც შეიძლება, ვერ გამოვლინდეს. ფაქტობრივად, კორონავირუსის რეალური სტატისტიკა აღარ გვაქვს.
ასევე ცირკულირებს რინოვირუსები, რომელიც სურდოს იწვევს. ადენოვირუსმა შეიძლება, კონიუქტივიტი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ტემპერატურა გამოიწვიოს. ბევრი ვირუსია, რომელიც ყოველწლიურად ცირკულირებდა.
ადამიანებს რესპირაციული სიმპტომები ყოველთვის ჰქონდათ, წელს ისევ და ისევ კოვიდის გამო რაღაც განსაკუთრებული პანიკაა. ხალხმა მეტი ყურადღება მიაქცია, სიცხეს მეტად იზომავენ, ამ საკითხზე ყურადღებას მეტად ამახვილებენ. ეს თავისთავად ცუდი არაა, უბრალოდ, ზედმეტ შფოთვასა და პანიკაში არ უნდა გადაიზარდოს”, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, თუ ადამიანს რესპირაციული ინფექცია აქვს, სულ ერთია, ეს კოვიდია თუ არა, სხვებს მაინც უნდა მოერიდოს.

„პრევენციული ზომები არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ კოვიდი არაა, სხვა ვირუსების შემთხვევაში იზოლაცია და საზოგადოებისგან მორიდება ნაკლებად ხდება, რაც ასევე არასწორია. თუ რესპირაციული ინფექცია გვაქვს, სულ ერთია, ეს კოვიდია თუ არა, სხვებს მაინც უნდა მოვერიდოთ. თუ გასვლა აუცილებლად გვჭირდება, პირბადე უნდა გავიკეთოთ, რათა გარშემომყოფები დავიცვათ. თუ ბავშვს სურდო, ტემპერატურა, ხველა აქვს, სხვა ბავშვებს უნდა გავუფრთხილდეთ და სკოლა მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ. ვიცით, რომ საკლასო ოთახსა და საბავშვო ბაღში ინფექციები ელვის სისწრაფით ვრცელდება”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები