ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან
სახელმწიფოს არა მხოლოდ გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, არამედ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
კობახიძის თქმით, სახელმწიფომ თავისი პასუხისმგებლობა კარგად იცის და მსგავსი შეხსენებების საფუძველი არ არსებობს.
„ვთქვი, რომ ამ თემაზე [მიხეილ სააკაშვილზე] კომენტარს არ გავაკეთებ და ამ პირობას შევასრულებ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან – ციხეში არის ის პირობები, რაც უნდა იყოს; საავადმყოფოებში პატიმრებისთვის არის პირობები, რაც უნდა იყოს და ადამიანის უფლებები დაცულია. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან, ეს სხვაობა განსაკუთრებით ხელშესახები ციხის ნაწილშია.
სახელმწიფოს არა მხოლოდ გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, არამედ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს – არავითარი საფუძველი ასეთი შეხსენებისა, არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.