ირაკლი კობახიძე – ომბუდსმენობის კანდიდატზე: კვირის ბოლომდე უკვე უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა

სახალხო დამცველთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები, სავარაუდოდ, დღეს იქნება და კვირის ბოლომდე ჩვენ უკვე უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით უმრავლესობაში გარკვეული პოზიციები ჩამოყალიბდა და მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ საპარლამენტო პარტიებმა კონსენსუსს მიაღწიონ.

„ჩვენ უმრავლესობაში გუშინ კონსულტაციები გვქონდა. გარკვეული პოზიციები ამ თემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. ამის საფუძველზე, სავარაუდოდ, დღეს ოპოზიციასთან კონსულტაციები იქნება და კვირის ბოლომდე რაღაც უნდა გაირკვეს, ანუ კვირის ბოლომდე ჩვენ უკვე უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა. რა თქმა უნდა, ჯერ დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ. ჩვენ უნდა დაველოდოთ შიდა კონსულტაციებს, რომელიც ოპოზიციასთან გაიმართება და ამის შემდეგ საზოგადოებისთვისაც გარკვეული დეტალები გახდება ცნობილი,“ – აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას – „ქართული ოცნება“ დაუჭერს თუ არა მხარს არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატიდან რომელიმეს – კობახიძე ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მსგავსი ულტიმატუმები კონსულტაციების პროცესს ართულებს.

„დეტალებს ვერ ვიტყვით. ეს დეტალები ოპოზიციისთვის დღეს გახდება ცნობილი შეხვედრაზე და ამის შემდეგ, ალბათ, საზოგადოებაც გაიგებს ყველაფერს.

ასეთი ულტიმატუმები, რა თქმა უნდა, ართულებს კონსულტაციებს, როდესაც ამბობენ, რომ მხოლოდ სამი ფავორიტი ჰყავთ. ეს არ არის სწორი მიდგომა პროცესში, რასაც კონსულტაციები და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა ჰქვია, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მიღწეული იქნეს კონსენსუსი. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი,“ – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები