McDonald’s-ი არა, მაგრამ ოკუპირებულ აფხაზეთში Вкусно — и точка გამოჩნდება
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პროტესტის ნიშნად, ამერიკულმა რესტორნების ქსელმა – McDonald’s-მა რუსეთის ბაზარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დატოვა, რის შემდეგაც ქვეყანაში ამერიკული ბრენდი რუსული ვერსიით ჩაანაცვლეს და Вкусно — и точка-ს დაჯერდნენ.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რუსული „ვკუსნო ი ტოჩკა“ 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში გამოჩნდება, რომელსაც სულ უფრო მეტი რუსი ტურისტი ევროპის მიმართულების ჩაკეტვის შემდეგ სტუმრობს.
ამის შესახებ “რია ნოვოსტის” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელმა, ოლეგ ბარციცმა განუცხადა.
„აფხაზეთმა კომპანიის ფრანშიზა უკვე შეიძინა, ველოდებით ამ ობიექტის ოპერატიულ განთავსებას აფხაზეთის რესპუბლიკაში. ამისთვის არანაირი სამართლებრივი და სხვა უკუჩვენება არ არსებობს. ყველა მცხოვრები, ექსპერტი, დამკვირვებელი ღრმა კმაყოფილებით აღიქვამს ასეთ ამბებს, ვფიქრობ, ეს არ იქნება ერთეული მაგალითი. ამ ეტაპისთვის არსებობს გადაწყვეტილება, დაიწყება ინფრასტრუქტურული საკითხები. არ არის ერთი თვის საკითხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2023 წელს მოხდება”, – თქვა ბარციცმა.
მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ეს ბრენდი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მეგობარ “ქვეყნებში გავრცელდებოდა”.
“აფხაზეთის საინვესტიციო ბაზარი საკმაოდ ლიბერალურია კანონმდებლობით და მოქნილია საგადასახადო პოლიტიკით“, – დასძინა მან.