წიგნი-სამადლობელი ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატისთვის, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო

ჩემი სტატიის სათაური პერიფრაზია ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას (1890-1986) იმ ჩანაწერისა (რომლითაც იხსნება ჩემ მიერ განსახილველი წიგნი და მთლიანად წიგნიც მის ხსოვნას ეძღვნება): „მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისთვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური”.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ნამდვილად არის უძველესი და მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ხალხთა ცივილიზაციაში. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ეთნოლოგიური სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც ათწლეულობით კრეფდნენ და აგროვებდნენ ცოდნას ჩვენი მატერიალური კულტურის მონაპოვარზე.
ძალზე დასანანია, რომ დღემდე არ გვქონია ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი. არადა, ქვეყნებს, რომელთაც აქვთ ამბიცია, ითვლებოდნენ დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემქმნელებად, ამ ტიპის ლექსიკონის რამდენიმე გამოცემა გააჩნიათ.
გასახარია, რომ ამიერიდან ჩვენც გვაქვს მსგავსი ნაშრომი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული წიგნი „ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი” (გამომცემლობა „მერიდიანი” 2022), რომელიც 680 გვერდსა და 2086 ტერმინს შეიცავს.
პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ელდარ ნადირაძე, რომლის მრავალწლიანმა შრომამ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 მეცნიერის თანამონაწილეობით ბოლოს და ბოლოს იხილა დღის სინათლე.
ლექსიკონში თავმოყრილი უზარმაზარი ინფორმაცია ეყრდნობა აქამდე შექმნილ სხვა დარგობრივ ლექსიკონებს, ისტორიულ წყაროებსა და ეთნოგრაფიულ მასალებს. თითოეული ნივთის განმარტებაში ამოიკითხავთ მის ფუნქციურ დანიშნულებას, მასალას, დამზადების წესს, გავრცელების არეალს და მათთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებს (თუკი ასეთი არსებობს ამ ნივთებთან დაკავშირებით).
ელდარ ნადირაძის შესავალი ტექსტი ქართულის გარდა წარმოდგენილია კიდევ ოთხ ენაზე: ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად და რუსულად. მისი სურვილი იყო – წიგნს ამავე ენებზე, მთელი ლექსიკონის შემოკლებული თარგმანი დართვოდა, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა და სამომავლო ამოცანად ესახება.
პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ემადლიერება საქართველოს სამეცნიერო და რუსთაველის ფონდებს, რომელთა გრანტის საფუძველზე განხორციელდა წინამდებარე პროექტი. ქართული ეთნოკულტურის დაფასებისთვის და ლექსიკონის გამოცემაში გაწეული დახმარებისთვის ის გამორჩეულად ემადლიერება ბატონ ვაჟა უსანეთაშვილს.
უზარმაზარი სამუშაო შეასრულა წიგნის რედაქტორმა ნელი ელიზბარაშვილმა.
შთამბეჭდავია ლექსიკონის საერთო ვიზუალური მხარე და დიზაინი (დავით კუტუბიძე, გიორგი ჩიქვინიძე). აქ დაბეჭდილია ასეულობით ფოტო, ასევე – ქართველი და უცხოელი მხატვრებისა და არქიტექტორების მიერ შექმნილი ვიზუალური მასალები.
რადგან ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველი ცდაა, პროექტის ავტორი არც გარკვეულ ნაკლს გამორიცხავს და ამბობს, რომ ავტორ-შემდგენლები დიდი გულისხმიერებით მიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.
თვალის ერთი გადავლებით, პირადად მე მატერიალური კულტურის რამდენიმე ქართული ტერმინი დამაკლდა. მაგალითად, ვერ ვნახე: წალამი, დურდო, დუგმა, წიპწა, დირე, მაყალი, ციცხვი, ბოგირი, ზარნიში, ხიწიწი, ფშრუკი, ჰამაკი, მაჭიკი, ჭერხო, საია, შიმელი, ჭოჭინა, ზვარი, ჩიხირთმა, დინდგელი და ალბათ სხვებიც სხვა ნივთიერ სახელწოდებებს მოისაკლისებენ, მაგრამ ეს რა მოსატანია იმ უზარმაზარ მონაპოვართან, რასაც ეს უნიკალური ლექსიკონი წარმოადგენს.
ვფიქრობ, ის განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, დამწყები მწერლებისა და ჟურნალისტებისთვის იქნება სამაგიდო წიგნი, თუკი ამ ლექსიკონს ჩაუჯდები, მოდარაჯე თვალი იქ აღმოაჩენს იმგვარ სიტყვებს, იმგვარად მოციმციმე მარგალიტებს, რომლებიც უბრალოდ შეიძლება შთამაგონებელი აღმოჩნდეს.
„ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი“ – ეს კაპიტალური ნაშრომი, მართლაც რომ ძვირფასი და მუდამ ახლოს საქონი წიგნია, რომელიც ჩვენს ასე დაშრეტილ და გაღატაკებულ ლექსიკურ მარაგს საგრძნობლად გაამდიდრებს. მისი უბრალოდ თვალის მიდევნებაც კი დააფიქრებს დღევანდელ ქართველებს, თუ რა განძის მფლობელები ვართ!
დაე, ვუერთგულოთ ამ სიტყვებს, თუ არ გვინდა დავემსგავსოთ თურაშაულის იმ პატრონს, ტყეში რომ ეძებს პანტას…

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები