რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ელექტროენერგიის და წყალმომარაგების „ავარიული გათიშვების” შესწავლას იწყებს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ელექტროენერგიის და წყალმომარაგების ე.წ. ავარიულ გათიშვებთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლას იწყებს.

პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა ისაუბრა.

„საქართველოს მოსახლეობას, ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად ე.წ. ავარიული გათიშვებით არ მიეწოდებათ გაზი, წყალი და ელექტროენერგია. წლის განმავლობაში „ავარიული გათიშვების” რაოდენობასთან დაკავშირებით, კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ინფორმაცია გამოითხოვა და საკითხის შესწავლის მიზნით, ახლა ვართ ენერგო ომბუდსმენთან კომუნიკაციაში. მომავალი წლიდან კომიტეტის პირველივე სხდომაზე მოვიწვევთ კომპანიების წარმომადგენლებს და მათგან მოვისმენთ კონკრეტულ ინფორმაციებს თუ რატომ არის ასე გახშირებული ე.წ. ავარიული გათიშვები. ყოველივე ეს პრობლემას უქმნის როგორც მოსახლეობას ისე ბიზნესის განვითარებას”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე კომიტეტი საკითხს თბილისის მასშტაბით შეისწავლის, რომლის შემდგომაც, საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესწავლაც მოხდება. აღნიშნულ ინიციატივას, კომიტეტის წევრი, დავით უსუფაშვილი მიესალმა და საკითხის შესწავლის პროცესში მონაწილეობის მიღების მზაობა გამოთქვა. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებზე ისაუბრა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს განახლებული მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ინფორმაცია გააცნო და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ბიუჯეტში დამატებით შემოსულ თანხებსა და მისი განკარგვის საკითხებზე ისაუბრა. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ქვეყანაში გაზრდილმა ეკონომიკურმა ზრდამ, ბიუჯეტში დამატებით 596 მლნ. ლარის შემოსულობები განაპირობა, რომელიც კონკრეტული სამინისტროების საბიუჯეტო დაფინანსების ზრდას და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მოხმარდება.
კომიტეტის წევრებმა საბიუჯეტო ცვლილებების მიღებას მხარი დაუჭირეს. კომიტეტმა ასევე მხარდაჭერა გამოხატა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტის – ,,2017 წლის 14 ივნისის ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)” N1 წერილი-შეთანხმების მიმართ, რომელზეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ისაუბრა. მისი თმით, წარმოდგენილი ფინანსური ხელშეკრულების ცვლილება სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გადაწევას ითვალისწინებს, რაც დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმების საფუძველზე მოხდება. სხდომაზე „სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს. საკითხის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა და კანონპროექტის მომზადების მიზნები განმარტა.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება, რაც ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოებს შესაძლებლობას მისცემს, მერქნიანი მცენარეები ოპერატიულად, მათი ხარისხობრივი, სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე განკარგონ. „ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. კანონპროექტთან დაკავშირებით სხდომაზე მსჯელობა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა მერქნული რესურსის გაყიდვის შედეგად, სატყეო დეპარტამენტისთვის დამატებითი თანხების ოდენობების განსაზღვრა და მათ განკარგვასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოითხოვეს. სხდომაზე გამოთქმული წინადადებების და შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები