კოტე მარჯანიშვილის 150 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში მუსიკალური პრემიერით აღინიშნა

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში დიდი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის, 150-ე წლისთავთან დაკავშირებით, კომპოზიტორ ნიკა ნიკვაშვილის მიერ რეჟისორის უხმო კინოფილმებისთვის – „ამოკი“, „კრაზანა“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“ – შექმნილი მუსიკალური კომპოზიციების პრემიერა გაიმართა.
საავტორო მუსიკა კომპოზიტორმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სახელმწიფო ორკესტრსა და სოპრანო იანო ალიბეგაშვილთან ერთად შეასრულა.
პროექტი, სახელწოდებით „სიჩუმიდან მუსიკამდე“ (A SILENTIO AD MUSIKAM) – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.
საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით სსიპ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 2018-2019 წლებში ფილმსაცავ „გოსფილმფონდიდან“ ჩამოიტანა კოტე მარჯანიშვილის ფილმების საწყისი მასალა, რომელიც, საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, 2019-2022 წლებში აღადგინა. ციფრულად დამუშავდა და ახალი სიცოცხლე შეიძინა კოტე მარჯანიშვილის ხუთმა ფილმმა: „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ამოკი“, „გოგი რატიანი“, „კრაზანა“ და „კომუნარის ჩიბუხი“. ნიკა ნიკვაშვილმა შეარჩია სამი ფილმი, რომლებისთვისაც შექმნა საავტორო მუსიკა. ფილმების მუსიკალურ გაფორმებაში მან აქტიურად გამოიყენა როგორც ეროვნული, ისე დასავლური მუსიკის ნიმუშები.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს კოტე მარჯანიშვილის შემოქმედების გაცოცხლებას, საზოგადოებისთვის ახლებური ვერსიების წარდგენასა და თანამედროვეობასთან მათ ადაპტირებას.
უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის საიუბილეო თარიღი არაერთი ღონისძიებით აღინიშნა, კერძოდ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა თოჯინური სპექტაკლი „ოტელო“, რომელშიც გამოყენებულია პეტრე ოცხელის მიერ კოტე მარჯანიშვილის ამავე სახელწოდების სპექტაკლისთვის შექმნილი ესკიზები; გარდა ამისა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააცოცხლეს სცენები რეჟისორის სპექტაკლებიდან, თეატრმცოდნეებმა გია ცქიტიშვილმა, ნიკოლოზ წულუკიძემ, მაკა ვასაძემ და კინომცოდნე ზვიად დოლიძემ კი კოტე მარჯანიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო და აქამდე უცნობ ეპიზოდებზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ კოტე მარჯანიშვილის დადგმებისთვის შექმნილი სასცენო კოსტიუმები“,  – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები