“აშშ-სთვის პრიორიტეტულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება” – ბაიდენმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა და უკრაინული მხარის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულა“ განიხილეს.
როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მათ შორის, 9 დეკემბერს გამოცხადებული, 275 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის პაკეტის მეშვეობით, რომელშიც დრონებთან ბრძოლის სისტემები შედის.
ასევე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაიხსენა 29 ნოემბრის 53 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც მიმართულია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.
“პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმება პრეზიდენტ ზელენსკის დეკლარირებულ ერთგულებას სამართლიანი სამყაროსადმი, რომელიც დაფუძნებულია გაერო-ს ფუნდამენტურ პრინციპებზე. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, გააგრძელოს უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, დააკისროს რუსეთს პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულებებსა და სისასტიკეზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.