შსს-მ ვარკეთილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1986 წელს დაბადებული ვასილ მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით დაკავებულმა, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 1978 წელს დაბადებულ კახაბერ ქ-ს, 1994 წელს დაბადებულ მიხეილ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვასილ მ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ვასილ მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).