ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები.

ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. დამთვალიერებლებს მთელი დღის განმავლობაში, სანტა, სპეციალურად მოწყობილი საახალწლო ფოტოდეკორაცია და ბევრი გათამაშება დახვდებათ. ღონისძიებას მუსიკალურად DJ გააფორმებს. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენასაც იხილავენ. ფესტივალზე შეგეძლებათ „მასტერ შეფის“ ფინალისტის, კონდიტერი ნიკუშა მანაგაძის შოკოლადიანი ჩურჩხელებისა და საახალწლო თათარას მასტერკლასს დაესწროთ.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო საახალწლო აქტივობები ჩატარდება. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი მეოთხედ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას შოკოლადის 15-მდე კომპანია მიიღებს. მათ შორის, დამწყები სტარტაპერები და ყველასთვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები. შოკოლადის საახალწლო ფესტივალი 13:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები