ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მხარდაჭერის სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლებს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით მომზადებული კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ სახელმწიფო მომსახურებებით, მათ შორის, თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით სარგებლობის საკითხი, კერძოდ, მომსახურებებით სარგებლობის საჭიროებისას მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა გაუქმდება.
„სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გამოხატული ნების თანახმად, უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს კანონმდებლობის კონვენციის დებულებებთან შესაბამისობა – მსხვერპლების მიერ მხარდაჭერის სერვისებით მარტივად და შეუფერხებლად სარგებლობა, ბარიერების გარეშე”,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.