გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ მმართველი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ყურადღება ახალი პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და, შესაბამისად, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორის, ალექსანდრე დარასის განცხადებით, ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველო შეძლებს კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის მიმართულებით კანონმდებლობის სრულყოფას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაახლოების პროცესისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გარემოსდაცვითი და კლიმატის დებულებების განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ჰაერის და წყლის დაბინძურების შემცირების, სამრეწველო ემისიების კონტროლის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის სფეროში ცნობიერების ამაღლების, ტყის მდგრადი მართვის და აკვაკულტურის სექტორის მხარდაჭერის მიმართულებებზე გამახვილდება. ორწლიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 2.302.500 მლნ ევროს შეადგენს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის NIRAS და შვედეთის გარემოსდაცვითი კვლევითი ინსტიტუტის მიერ განხორციელდება.