იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატანი ცვლილებები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენისთვის განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხსენებლის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის,  გივი მიქანაძის განცხადებით, გუშინ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ერთობლივი წინასწარი დასკვნის განხილვა, მთელ რიგ საკითხებზე პოზიციების შეჯერება და შესაბამისად, პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტებში შესატანი ცვლილება მომზადდა.

„სერტიფიცირების პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდა და ერთ-ერთ რეკომენდაციად სერთიფიკატების ვალიდურობის განსაზღვრა იქნა მოთხოვნილი. ცესკოსთან კონსულტაციის საფუძველზე გუშინ შევთანხმდით, რომ ეს იქნება 5 წლიანი ვადა. ბინადრობის ცენზი, რომელიც ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კანდიდატებისთვის 5 წლიდან ერთ წლამდე შევამცირეთ, ასევე პოზიტიური ცვლილებად იქნა მოხსენიებული, თუმცა გვთხოვეს, რომ ეს ვადა შევამციროთ ან ექვს თვემდე ან გავაუქმოთ. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ვადა შემცირდეს ექვს თვემდე ვადით. „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ითხოვდნენ სავალდებულო წარსადგენ კანდიდატთა სიის რაოდენობის შემცირებას და ჩვენ შევთანხმდით პირველი მოსმენისთვის, რომ პარლამენტისთვის ეს იქნებოდა 100-ის ნაცვლად 76, ხოლო საკრებულოებში სრული სიის ნაცვლად იქნებოდა ნახევარი. ესეც პოზიტიურად იქნა შეფასებული ამ დასკვნაში, თუმცა თხოვნა გამოითქვა, რომ იქნებ კიდევ შეგვემცირებინა. გუშინ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შევთანხმდით, რომ 40%-მდე იქნება ეს ვალდებულება დაყვანილი ანუ პარლამენტში იქნება მინიმალური მოთხოვნა 60-კაციანი სიის წარდგენა, ხოლო საკრებულოებში 40%  განსხვავებული რაოდენობის შესაბამისი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა საკრებულოს განსხვავებული რაოდენობის წევრები ჰყავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტებში შემდეგი ცვლილებები შევა: პირველი სხდომის ჩატარება ანუ კომისიის უფლებამოსილების ცნობა იმპერატიულად არჩევნებამდე 30-ე დღეს განხორციელდება; ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ნორმები დეტალურად გაიწერება; ყველა ამომრჩეველი, მიუხედავად იმისა ტრადიციული ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაექვემდებარება მარკირებას; არჩევნების დასრულების შემდეგ ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილი ფურცელი იქნება წინასწარი შედეგების შემაჯამებელი, ხოლო შემდგომში თითოეული კომისია მყისიერად დაიწყებს ბიულეტენების ხელით დათვლას, რაც შემაჯამებელი ოქმის სახით იქნება წარდგენილი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან დაკავშირებული ნორმები, რომელიც პირველ მოსმენის დროს გადავიდა ძირითად კანონმდებლობაში, კვლავ დაბრუნდება გარდამავალ დებულებებში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა საარჩევნო უბანი სათანადოდ ჯერ არ არის მოწყობილი და აღნიშნულ საკითხზე რეკომენდაცია ასახულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ერთობლივ წინასწარ დასკვნაში.

გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილებები შეეხება ადგილობრივ დამკვირვებლებთან დაკავშირებით შეზღუდვების უფრო გამკაცრებას და ის ისეთივე იქნება, როგორც ქვედა დონის კომისიის არაპარტიული წევრების მიმართ არის. კერძოდ, პროექტის თანახმად, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს პირი, თუ იგი ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმე არჩევნების დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

მისი თქმით, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არდაკისრების ვადასთან დაკავშირებით, პირველი მოსმენის დროს, 30-დღიანი ვადა შემცირდა 15 დღემდე, თუმცა რეკომენდაციებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ვადაც ხანგრძლივია. აქედან გამომდინარე, არჩევნების დღესთან დაკავშირებით ეს ვადა მცირდება 12 დღემდე, ხოლო არჩევნების დღემდე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვადა მცირდება 7 დღემდე.

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა, სამი წლიდან გაიზრდება ექვს წლამდე. ასევე, არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების 60-დღიანი ვადა 30 დღემდე შემცირდება.

სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნულ წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სერტიფიკატი. აღნიშნული პოზიცია დაფიქსირებულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ერთობლივ წინასწარ დასკვნაშიც, თუმცა ამ ჩანაწერის კანონპროექტში დამატებას არ დაეთანხმა საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრი ანა წითლიძე.

მისი თქმით, ამ ნორმამ შეიძლება არჩევნების დროს პრობლემები შეუქმნას ოპოზიციური პარტიებს, განსაკუთრებით რეგიონებში.

გივი მიქანაძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა ეს ჩანაწერი კანონპროექტში, გადაწყდება პლენარულ სხდომაზე ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის დროს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრას კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები