შალვა პაპუაშვილი: ევროსკეპტიციზმი ჩაანაცვლა ევროკავშირის გაფართოების პრაგმატული პოლიტიკის ძიებამ, სამივე ქვეყანაში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზაზე

“თითქმის ათდღიანი ვიზიტი გვქონდა საპარლამენტო დელეგაციის ფორმატში. გერმანიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგში. როდესაც ჩვენ ვართ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ორმხრივი ურთიერთობების გამყარების ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ, საბოლოოდ, გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს 27 წევრი ქვეყანა, იყოს პოზიტიური ჩვენი ქვეყნის მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

შალვა პაპუაშვილმა იმ მთავარ გზავნილებზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე პარტნიორების მხრიდან გამოიკვეთა.

“შეგვიძლია, რამდენიმე საკითხზე შევაჩეროთ ყურადღება. ე.წ ევროსკეპტიციზმი, რომელიც ახასიათებდა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, ჩაანაცვლა ევროკავშირის გაფართოების პრაგმატული პოლიტიკის ძიებამ. ჩვენ, სამივე ქვეყანაში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზაზე და ვიგრძენით, რომ ახლა ევროკავშირმა თავისი თავი უნდა დაინახოს, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე. ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს არა მხოლოდ ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას, არამედ მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამიტომ, მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის ურთიერთობის უფრო მჭიდრო, ინტენსიურ ფაზაში გადაყვანა. ჩვენ შევთანხმდით სამივე ქვეყნის პარლამენტებთან, რომ გვექნება საკომიტეტო დონეზე გაცვლა, იმისთვის, რომ აქტუალური პოლიტიკის იმ საკითხებზე, რომელიც ზოგადი პოლიტიკის მიღმაა, იქნება ეს გარემო, განათლება თუ სხვა, ჩვენს კოლეგებთან გვქონდეს გაცვლა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია საერთო მიზნისკენ, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

“ახლა მთავარია ჩვენი საზოგადოება, პოლიტიკური ლიდერები იყვნენ იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელსაც ჰქვია გაერთიანება, იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სტატუსი, მოლაპარაკებები, არის პროცესის ნაწილი. მთავარი ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც არაა მოკლე გზა. ეს გრძელი გზაა და მას ბევრი კუთხით ბრძნულად გავლა სჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ეს გზა გულისხმობს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს ეკონომიკურად, ინსტიტუციურად, უნდა შეინარჩუნოს სტაბილური გარემო და იყოს რეგიონში უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები