გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში იარაღის შეტანის შეწყვეტისკენ მოუწოდა
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს მოუწოდა, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის შეტანა. მერკელის მოწოდებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა შეაჩეროს სამხედროებისა და მრჩევლების გაგზავნა ესკალაციის ზონაში. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“ანგელა მერკელმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს ყველა ბერკეტი გამოიყენოს უკრაინაში შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის”, – ნათქვამია კანცლერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელს განუცხადა, რომ რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობს “წითელ ჯვართან”, რათა დახმარება აღმოუჩინოს კონფლიქტის მცხოვრებლებს. უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯავშანტექნიკა შევიდა.