აკაკი ალადაშვილი – შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნაზე: ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა – რომელიც დაფუძნებული იყო ზიზღზე, შუღლსა და შეურაცხყოფაზე

“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორე მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში დაცული იქნება აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ერთი მხრივ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორე მხრივ, არ დავუშვათ და სანქციების ქვეშ მოვაქციოთ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ამისკენ ერთი გადადგმული ნაბიჯი იყო დებატების სივრცის გახსნა და მეორე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სამმართველო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ზიზღისა და შუღლის ენას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსების შელახვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სამმართველო იმუშავებს პროაქტიულ რეჟიმში და არ იქნება მოქალაქის საჩივარზე დამოკიდებული.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, გარანტები ვიქნებით იმისა, რომ დაცული იქნება აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ამის გარანტი იქნება თვითონ შსს, სასამართლო. და რაც ყველაზე მთავარია, ამის გარანტი იქნება მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. ასე რომ ძალიან დროული და მნიშვნელოვანია ასეთი სამმართველოს შექმნა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა. რომელიც დაფუძნებული იყო ზიზღზე, შუღლსა და შეურაცხყოფაზე“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები