რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სფეროში (“როსსელხოზნადზორი”) სომხეთის კომპეტენტურ უწყებას მიმართა თხოვნით, 2 ივნისიდან რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქციის ვეტერინარული სერტიფიცირება შეაჩეროს.
რუსული უწყების განცხადებით, გადაწყვეტილება სომხურ საწარმოებში ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს უკავშირდება.
“როსსელხოზნადზორის” ინფორმაციით, შემოწმების დროს რიგმა კომპანიებმა რუს სპეციალისტებს საწარმოებში შესვლისა და ინსპექტირების ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს.
უწყების ცნობით, შეზღუდვა არ გავრცელდება ორ სომხურ კომპანიაზე, რომლებმაც ინსპექტირება წარმატებით გაიარეს და ექსპორტის გაგრძელების უფლება შეინარჩუნეს.
მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ სომხეთიდან ბოსტნეულის, მარწყვის, ყვავილების, მინერალური წყალი „ჯერმუკის“, ასევე სამი მსხვილი მწარმოებლის კონიაკისა და ღვინის შეტანა აკრძალა.