ბოლნისის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალი საქართველოში მეოთხედ ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 60-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის ღვინო იყო წარმოდგენილი.

“ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა კონკურსი. ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა დიდი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ღვინოები. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებიდან ოქროს მფლობელ 11 ღვინოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იტალიაში მერანოს 2026 წლის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს.
ბოლნისის ძველ უბანში სტუმრებს სასიამოვნო მუსიკა, მრავალფეროვანი კვების ობიექტები, საბავშვო სივრცე, სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები დახვდათ.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა კვარტეტი „ჩვენი ბიჭები“ და ქართული ცეკვის ანსამბლი „არტ ლაბორატორია“. ღონისძიება ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტით დასრულდა.
ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.
ღვინის ფესტივალს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მოადგილეები: იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობისა და კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.
ფესტივალის წარმდგენი იყო კომპანია „არემჯი“, ხოლო მხარდამჭერები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი და ბოლნისის ღვინის გაერთიანება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები